ე.წ. სასამართლო კლანი

თუ ოცნებისთვის სასურველ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი, ტვინს გამასხმევინებდნენ – ალავიძე

ტელეკომპანია TV პირველთან საუბრისას უზენაესი და სააპელაციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ მოსამართლეების მდუმარე პროტესტის შესახებ თქვა, რომ ხელისუფლება სასამართლოს აშინებს და ამის საკუთარი პირადი მაგალითები მოიყვანა.

"მე ვფიქრობ, რომ ამხილეს და გააკეთეს აქცენტი და ხაზი გაუსვეს იმას, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი ირღვევა რუსული კანონის მიღებით. ეს რომ რუსულია, ამაში შესვლა არ გვინდა, თუმცა ის, რომ მცირე გვაქვს ჯგუფი ამ მოსამართლეებისა, რომლებიც თუნდაც ამ ფორმით გამოხატავენ პოზიციას, ეს არის შედეგი იმისა, რომ სახეზე გვაქვს დაშინებული  სასამართლო". - თქვა ალავიძემ მოსამართლეების მდუმარე პროტესტის შესახებ TV პირველთან საუბრისას.

ალავიძეს თქმით, ერთ-ერთი საქმესთან დაკავშირებით დაემუქრნენ, რომ თუ ივანიშვილისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, "ტვინს გაასხმევინებდნენ". 

"უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი თავმჯდომარისგან მომივიდა მესიჯი ასეთი, რომ თუ მე ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე, რომელიც უკვე დასრულებული არის, არ მივიღებდი სასურველ გადაწყვეტილებას, რომელიც სჭირდებოდა „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს, მოქმედ ხელისუფლებას, მე ტვინს გამასხმევინებდნენ. ასევე, მაგალითად, მივიღე შემოთავაზება ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით, სადაც მითხრეს, რომ თუ მე იმ საქმეს წინასწარ, გარიგებულად მოვაწერდი, მაგალითად, ხელს, ჩემს მიმართ შეიცვლებოდა დამოკიდებულება და განწყობა. ასევე კლანისგან მივიღე ისევ მუქარა, რომ თუ მე, მაგალითად, ვისაუბრებდი ჟურნალისტებთან საჯაროდ და ღიად სასამართლოში არსებულ პრობლემებზე, მე შემექმნებოდა პრობლემა, გადამივლიდნენ და უკან არ დაიხევდნენ არაფერზე. მიუხედავად ამისა, მე არ ვაპირებ გაჩერებას“. - თქვა ალავიძემ.

მანამდე, TV პირველმა გააზიარა, რომ რიგი მოსამართლეები თავიანთ სოციალურ ქსელებში კონსტიტუციის 78-ე მუხლს აზიარებდნენ, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს ეხება.

კომენტარები