საქართველო-აშშ

მდინარაძე: შემაშფოთებელია მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორისგან მე-2 ფრონტის გახსნის მოწოდება

"არცერთ შემთხვევაში საქართველო ომში არ ჩაერთვება, რაც არ უნდა მსგავსი მოწოდებები იყოს". - ასე ეხმაურება ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ივანიშვილის დეპუტატების განცხადებას მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, ეველინ ფარკასის ინტერვიუზე.  

ეველინ ფარკასმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ "ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველოს მთავრობა უფრო აქტიურად ჩართული რუსეთის სანქცირებაში, რადგან არ არსებობს სხვა გზა, რომელში ჩართვაც, საქართველოს მთავრობას და ჩვენ - აშშ-ს გვსურს". მანვე დაამატა, რომ " ეს არის მომენტი, რომელსაც საქართველო და საქართველოს ხალხი უშვებს ხელიდან. უკრაინასა და მოლდოვას საკმაოდ მალე შეიყვანენ ევროკავშირში და რა მოუვა საქართველოს?". 

ივანიშვილის დეპუტატები მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორის ინტერვიუს "ომში ჩართვაზე" მოწოდებად აფასებენ. მათ ქართულ ოცნებას მიმართეს, რომ მსგავს მოწოდებებს საჯაროდ უპასუხონ. მათივე წერილის მიხედვით, ფარკასმა თქვა ის, რის "დიად თქმასაც" საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი "ვერ ბედავს". 

"მართლაც შემაშფოთებელია მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორისგან პირდაპირი მოწოდება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ. როდესაც ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ეს არის საფრთხე საქართველოსთვის და შეიძლება ვიღაცას მიაჩნდეს და შეიძლება ამაში ობიექტურობის ნიშანიც იყოს, რომ უკრაინას ეს ყველაფერი შეიძლება დაეხმაროს რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ, საქართველოს რა დაემართება ამ შემთხვევაში, ამაზე ეს ხალხი არ ფიქრობს. გარეთ რომ არ ფიქრობენ ვიღაცები, მათ შორის, ის ადამიანი, ვინც ეს განცხადება გააკეთა, ეს გასაგებია, მაგრამ საქართველოში მოქალაქეები, ქართული ოპოზიციური ძალები რომ არ ფიქრობენ ამაზე, უდასტურებენ ამ ყველაფერს, არ აკრიტიკებენ და არ ემიჯნებიან, ეს არის განსაკუთრებით შემშფოთებელი. 

მერე რა, თუ საქართველო ომში ჩაერთვება საქართველო და რუსეთისგან მიიღებს დარტყმას და საომარ მოქმედებებს - მერე რა რას ნიშნავს? საქართველოსთვის რა შედეგით დამთავრდება, ვიღაცამ ხომ უნდა იფიქროს ამაზე? ვირაც ხომ უნდა გაემიჯნოს ქვეყნის შიგნით და თქვას, რომ არა, ჩვენ ვემიჯნებით ამ პოზიციას. როცა ამ პოზიციის დასაყრდენი არ იქნება საქართველოში, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ზოგიერთი წარმომადგენელი თუ უკრაინის ქვეყნის ზოგიერთი წარმომადგენელი ხელს აიღებს ასეთ მოწოდებებზე. როდესაც ქვეყნის შიგნით არ ემიჯნებიან და ირიბად უდასტურებენ ამას, აქ არის საფრთხეები და შემაშფოთებელია. არცერთ შემთხვევაში საქართველო ომში არ ჩაერთვება, რაც არ უნდა მსგავსი მოწოდებები იყოს და ჩვენ ამ ქვეყანაში მშვიდობას უზრუნველვყოფთ. თავად ეს მოწოდებები არის საფრთხის შემცველი და შემაშფოთებელი". - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

კომენტარები