საქართველო-აშშ

ხელისუფლებამ საჯაროდ უპასუხოს ომში ჩართვაზე მოწოდებებს – ოთხეულის მორიგი განცხადება

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები მორიგ ანტიამერიკულ განცხადებას ავრცელებენ. ისინი მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთან, ეველინ ფარკასთან რადიო თავისუფლების ინტერვიუს ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ "ფარკასმა, პრაქტიკულად, საჯაროდ განაცხადა ის, რასაც გასული კვირების განმავლობაში აქტიურად ვამტკიცებდით და რის ღიად თქმასაც ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი დღემდე ვერ ბედავს".

ეველინ ფარკასმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ "ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველოს მთავრობა უფრო აქტიურად ჩართული რუსეთის სანქცირებაში, რადგან არ არსებობს სხვა გზა, რომელში ჩართვაც, საქართველოს მთავრობას და ჩვენ - აშშ-ს გვსურს". მანვე დაამატა, რომ " ეს არის მომენტი, რომელსაც საქართველო და საქართველოს ხალხი უშვებს ხელიდან. უკრაინასა და მოლდოვას საკმაოდ მალე შეიყვანენ ევროკავშირში და რა მოუვა საქართველოს?".

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატების შეფასებით, "რასაც ღიად ვერ ამბობს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი, კელი დეგნანი, ის მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის პირით შემოგვითვალეს".

"ახლა დასკვნები ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს – ან უნდა დაჰყვეს საელჩოს სურვილს და საქართველო მეორე ფრონტად აქციოს ან უნდა შეაფასოს, რამდენად ლეგიტიმური და მისაღებია მისი განზრახვა, საქართველო ყოველგვარი გარანტიების გარეშე ჩართოს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში, რაც საქართველოს გამანადგურებელ შედეგებს უქადის" - აცხადება ივანიშვილის ოთხეული.

სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის და გურამ მაჭარაშვილის თქმითვე, "მეორე ფრონტზე მსჯელობისას, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში ქართული ჯარის ინტერვენციის შემთხვევაში, ომი არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთანაც მოგვიწევს. როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, აფხაზებთან და ოსებთან ერთად ამ ქვეყანაში ძმურად უნდა ვიცხოვროთ, როგორც ეს კავკასიურ წესს და ღირსებას შეეფერება. როდესაც ცდილობენ, 30 წლის თავზე აფხაზებთან და ოსებთან ახალი ძმათამკვლელი ომი გაგვაჩაღებინონ, ეს ფაქტი საზოგადოების მხრიდან ცალკე შეფასებას მოითხოვს".

"თუ საქართველოს ხელისუფლების ლიდერებს ომისკენ ადრე დახურულ კაბინეტებში მოუწოდებდნენ, ქალბატონი ფარკასი და უკრაინელი მაღალჩინოსნები ამგვარ მოწოდებებს ახლა უკვე საჯაროდ აკეთებენ. როდესაც ისინი საქართველოს ომისკენ საჯაროდ უბიძგებენ, ვფიქრობთ, ხელისუფლებას ამ მოწოდებებზე საჯარო პასუხის გაცემაც მოუწევს“, – აცხადებს მოძრაობა ხალხის ძალა.


28 ივნისს სამმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადეს, რომ  მმართველი გუნდი დატოვეს. მოგვიანებით მათ გურამ მაჭარაშვილიც შეუერთდათ. მათი განცხადებით, მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, "რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს". თუმცა, მათივე განმარტებით, "საზოგადოების სიმართლით აღჭურვისთვის" გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი ქართულ ოცნებას უხერხულობას შეუქმნის, ამიტომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. 

დეპუტატებმა ქართული ოცნების დატოვების დღიდან დაიწყეს ანტიდასავლური კამპანია, მათ შორის მათი სამიზნეა საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, რომელსაც არაერთი წერილი მიუძღვნეს. დეპუტატები ამტკიცებენ, რომ აშშ-ს საელჩო ცდილობს, საქართველოში ომის მეორე ფრონტი გახსნას და რომ საელჩო ხელისუფლების გადასატრიალებლად "ყველაფერს იკადრებს". 

17 აგვისტოს მათ ელჩმა უპასუხა და თქვა, რომ არ არის დარწმუნებული, თუ რამდენად განსხვავდებიან ისინი ქართული ოცნებიდან. 

2 ოქტომბერს კი პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ოთხეულისგან გამიჯვნას შეეცადა და თქვა, რომ დეგნანის კრიტიკის განვრცობა და გადაჭარბება არ შედის ქვეყნის ინტერესებში. 

კომენტარები