რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუ ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენაზე ვისაუბრებთ

Nikolay Doychinov/AFP/Getty Images

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ უკრაინა არ გამორიცხავს რუსეთთან მოლაპარაკებებს, მაგრამ მზად არის დაეთანხმოს მათ მხოლოდ მაშინ, როცა საქმე ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენას ეხება.

"არავინ გამორიცხავს მოლაპარაკების ვარიანტს, ნებისმიერი ომი მოლაპარაკებით მთავრდება, მაგრამ საკითხავია, რა პოზიციაზე ზიხართ მოლაპარაკების მაგიდასთან. დღეს რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბრძოლის ველზე და ეს არის მოლაპარაკების ერთადერთი ტიპი, რომელიც მას ესმის.

მაგრამ ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ მაგიდასთან, თუ ვსაუბრობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენაზე და ჩვენ ეს ძალიან ნათლად ვუთხარით ყველა პარტნიორს, ისინი ასევე არ გამორიცხავენ მოლაპარაკების შესაძლებლობას".- ამბობს კულება.  

კულებას თქმით, საერთაშორისო პარტნიორები თანხმდებიან, რომ ამჟამად არ არსებობს მინიშნებები, რომ რუსეთი მზად არის ასეთი სერიოზული მოლაპარაკებებისთვის. 

მინისტრმა დასძინა, რომ ახლა უკრაინას უჭირს მისი ტერიტორიის ყოველი კვადრატული კილომეტრის დაბრუნება, მაგრამ სწორედ ოკუპირებული რეგიონების დაბრუნებაა მიზანი.  ამავდროულად, კულება ვარაუდობდა, რომ "უკრაინის ტერიტორიის ნაწილი განთავისუფლდება სამხედრო გზით, ნაწილი კი, შესაძლოა, დიპლომატიური საშუალებებით". 

მან ასევე აღნიშნა, რომ იმ მომენტში, როდესაც რუსეთი გასცემს "სერიოზულ სიგნალს მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ", მაშინ უკრაინასაც და მის პარტნიორებსაც დასჭირდებათ "ძალიან ფრთხილად გაანალიზონ, რატომ მოვიდა ეს სიგნალი".

კულება თვლის, რომ რუსეთი გამოავლენს "სერიოზულ ინტერესს რეალური მოლაპარაკებების მიმართ იმ მომენტში, როდესაც გააცნობიერებს და შეეგუება იმ ფაქტს, რომ მისი პოზიციები მაქსიმალურად არის შესუსტებული".

"მაგრამ მაშინ ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ ამ მომენტში ჩვენ წარმატებულ შეტევაზე ვიქნებით და გავათავისუფლებთ ჩვენს ტერიტორიებს, მაშინ რატომ გვჭირდება რაღაცის მოლაპარაკება აგრესორთან? ჩვენი საბოლოო მიზანი ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებაა. ჩვენ მათთან არ ვიბრძვით, რომ დავსხდეთ და სადმე შევთანხმდეთ, რომ აქ დარჩებიან".- ამბობს კულება. 

 

კომენტარები