სოსო გოგაშვილი

სოსო გოგაშვილის შვილი: მე და ჩემი ოჯახის წევრებს დაგვიყადაღეს საკუთრებაში არსებული ქონება

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილის, ნინი გოგაშვილის ცნობით, მას და მის ოჯახს ქონება დაუყადაღეს. ამის შესახებ პირად Facebook გვერდზე წერს.

"დამიკავშირდა გამომძიებელი ირაკლი ყაფლანიშვილი, რომელმაც მომახსენა, რომ მე და ჩემს ოჯახის წევრებს დაგვიყადაღდა ჩვენს საკუთრებაში არსებული ქონება, რის შესახებაც დაგვიბარეს გენერალურ ინსპექციაში, სადაც დეტალურად გავეცნობი ინფორმაციას, ამჯერად რის საფუძველზე აპირებენ ჩვენს შევიწროვებას.

ბიძინა ივანიშვილი ოპერატიულად ასრულებს თავის მუქარას, რაც გომელაურმა შეატყობინა ციხის საშხაპეში მამაჩემს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეესაბამება რეალობას რაც იწვევს კეთილი ფილანტროპის განრისხებას. ბრძოლა გრძელდება!" - წერს ნინი გოგაშვილი.

11 აგვისტოს სოსო გოგაშვილის ადვოკატმა თქვა, რომ ის ციხის საშხაპეში გაიყვანეს, სადაც ვახტანგ გომელაური ესაუბრა და დაემუქრა. იმავე დღეს სოსო გოგაშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა, რომ მან ბიძინა ივანიშვილისგან მუქარა მიიღო, რომ თუ არ გაჩერდებოდა, მას და მის ოჯახს გაანადგურებდნენ. 

სოსო გოგაშვილი 15 ივლისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით წარედგინა - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. 18 ივლისს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ ქართული ოცნების "მხილების კამპანია" წამოიწყო და აპირებს, ის გააგრძელოს.

21 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, TI-მ და ISFED-მა გაავრცელეს მასალები, რომლებიც, მათი განცხადებით, სოსო გოგაშვილმა გადასცათ. დოკუმენტებით ირკვევა, რომ არჩევნებზე ხმის მიცემის სანაცვლოდ მმართველი პარტია მოქალაქეებს მათ მიერ მოთხოვნილი შეღავათებით უზრუნველყოფდა. შეღავათებს შორის არის ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნება, პირობითი მსჯავრის მოხსნა, ჯარიმის გაუქმება, ჯარში წასვლის ვალდებულების გადავადება, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლება, სასჯელის შემსუბუქება და ა.შ.   

გოგაშვილის მიერ 26 ივლისს გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, რომ აფგან მუხთარლი ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, ამის ამსახველი კადრები კი ე.წ ოტომ წაშალა. წერილში ის ასევე ამბობს, რომ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თავისი შვილის საქმრო გაატაცებინა, აწამებინა და ქვეყნიდან გაუშვა, რადგან ეთნიკურად ქურთის "სახლში შეშვება არ უნდოდა". ყოფილი მაღალჩინოსანი ასევე აცხადებს, რომ 2017 წელს შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს ივანიშვილის დავალებით სცემეს - "ტელეფონზე ბიძინას გინების გამო".

კომენტარები