თბილისის საერთაშორისო კონფერენცია

2008 წელი იყო გაკვეთილი, რომელიც დასავლეთმა ვერ ისწავლა – ინტერვიუ ლინას ლინკევიჩიუსთან

ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა (2012-2020 წლებში) და თავდაცვის (1993-1996; 2000-2004) მინისტრი, ლინას ლინკევიჩიუსი თბილისის საერთაშორისო კონფერენცია 2022-ზე ტაბულას უკრაინაში მიმდინარე ომსა და დასავლეთის საგარეო პოლიტიკაზე ესაუბრა.

– რას ფიქრობთ, რისი შეცვლა შეიძლება საქართველოს საგარეო პოლიტიკაში რუსეთისა და უკრაინის მიმართ?

ეს საკმაოდ სენსიტიურია, რადგან საქართველომ უსაფრთხოებაზე უნდა იფიქროს. თუ ხარ გაურკვეველ სიტუაციაში, საკმაოდ ფრთხილად უნდა იმოქმედო და ეს მესმის. თუმცა, ზოგადად, [საქართველომ] თავი უნდა დაუკავშიროს ორგანიზაციებს, რომლებშიც მომავალში გაწევრიანება სურს – ევროკავშირი, NATO. ეს უნდა მოხდეს ამ ორგანიზაციების პოლიტიკის მიმართაც. ნამდვილად, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა შეუერთდეს სანქციების პოლიტიკასაც. კიდევ ერთხელ, მესმის, რომ თუ რაიმე სრული მასშტაბით არ იქნება გაკეთებული, გასაგები იქნება, საკითხის სენსიტიურობის გამო.

– როგორც ჩანს, რუსეთი კალინინგრადში სამხედრო შესაძლებლობებს აფართოებს. ზრდის თუ არა ეს საფრთხეებს ლიტვისთვის, თუ ეს მხოლოდ კუნთების თამაშია?

[უკრაინისგან] განსხვავებული სიტუაციაა, რადგან NATO-სა და ევროკავშირის წევრები ვართ, უფრო დიდი რაღაცის ნაწილი, არა უბრალოდ ლიტვა. დიახ, ჩვენი სამეზობლო საკმაოდ არაპროგნოზირებადია, არა მხოლოდ კალინინგრადი, ბელარუსიც, რომელიც, ვიტყოდი, რომ გაფართოებული, დე ფაქტო რუსეთის ნაწილია. ბოლო დროა ამ ქვეყანას რუსეთი ინელებს, მისი თვითგამოცხადებული ლიდერის პოზიციის გამო. ეს საკმაოდ გრძელი საზღვარია. რუსეთთან და ბელარუსთან დაახლოებით 1000-კილომეტრიანი საზღვარი გვაქვს. ეს არის ევროკავშირის გარე საზღვარი. ნამდვილად, არაპროგნოზირებადი სამეზობლოა, მაგრამ, გავიმეორებ, [სიტუაცია] განსხვავებულია. ეს იქნებოდა მთელი NATO-სა და ევროკავშირის გამოწვევა, ეს დიდი განსხვავებაა. გვესმის მათი, ვინც მსგავსი ქოლგის ქვეშ არ არიან და მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე არიან, მესმის, რომ ეს მათთვის ძალიან სენსიტიური საკითხია.

– რას ფიქრობთ, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში არის თუ არა მზაობა, დაიცვან ბალტიის ქვეყნები, თუ საჭირო გახდება?

NATO-ს ხელშეკრულების მეხუთე მუხლის შესაბამისად, უნდა იყვნენ. ეს რამდენჯერმე გაიმეორეს. ერთ არგუმენტს დავამატებ. უკრაინასთან ურთიერთობა უნდა გავაღრმაოთ რადგან ვთვლი, მორალურად არასწორი იყო კონფლიქტის პირველ დღეებში კვირაში მრავალჯერ გამეორება, რომ NATO არ ჩაერთვებოდა. ეს აგრესორს არ აწყნარებდა, მაგრამ იყო ირიბი წახალისება, "რაც გინდა გააკეთე და ჩვენ არ ჩავერთვებით". ეს არასწორი იყო.

მაგრამ მჯერა, როცა საქმე ეხება NATO-ს ტერიტორიას, სხვა გზა არ არსებობს, არ განიხილონ რეაქციის ვარიანტი, ჩვენს შემთხვევაში ეს, ფაქტობრივად, NATO-ს დასასრული იქნება. თეორიულად შეუძლებელია იყოს გამოწვევა და არ მოჰყვეს რეაქცია.

– მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ვიხილეთ რუსეთისთვის სანქციების დაწესება, კიევისთვის შეიარაღებისა და დაფინანსების მიწოდება, მაგრამ, რას ფიქრობთ, უკრაინასთან მიმართებით, დასავლეთი საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებულია? არსებობს ერთიანობის განცდა, განსაკუთრებით, დასავლეთ ევროპაში?

რეაქცია, რომელსაც ვაკრიტიკებდი, არასაკმარისი და დაგვიანებული იყო. მოდი დავიწყოთ საქართველოს 20%-ის ოკუპაციით. სიტყვიერი რიტორიკა ძალიან ძლიერი, განცხადებები კი სწორი და კონკრეტული იყო, იყო მოთხოვნები, რას ველოდით რუსეთისგან, რას ვითხოვდით რუსეთისგან, რას ვიმედოვნებდით რუსეთისგან, რომ საქმე ძველებურად ყოფილიყო. მაგრამ რუსეთმა, პირდაპირი მნიშვნელობით, არაფერი გააკეთა. ძველებურ ვითარებამდე ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ დაბრუნდნენ. ეს იყო გაკვეთილი, რომელიც აგრესორმა ისწავლა, გაკვეთილი დასავლურ საზოგადოებაში ვერ ისწავლეს. [რუსეთისთვის] ეს საფასური დამაკმაყოფილებელი იყო და შემდეგი გაჩერება ყირიმი აღმოჩნდა. ესეც არ იყო საკმარისი.

ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ომი [2022 წლის] 24 თებერვალს დაიწყო, უკრაინელები ახსენებენ, რომ 8 წლის წინ დაიწყო, საქართველოსაც დავამატებდი, 2008 წელი, ასევე ქვეყნის ოკუპაციის წელი, რაც უბრალოდ უგულებელყოფილია. ეს არასწორია. ეს დასტურია, რომ ჩვენი რეაქცია არასაკმარისი და დაგვიანებულია და რაღაც უნდა შეიცვალოს.

მიზეზი ისაა, რომ როცა ხედავ რაიმეს, რაც არაა კარგი, მაგრამ ვერ გრძნობ, რომ ამას პირადად შენ გიკეთებენ, იქმნება ილუზია, სამეცნიერო ფანტასტიკასავით, თითქოს ეს საერთოდ არ ხდება. სწორედ ასეთი ხედვა ჰქონდათ აქამდე. ახლა სხვანაირადაა. დასავლურმა საზოგადოებამ გაიგო, რომ ჩვენთან მიმართებაში ხდება რაღაც, ჩვენს ორგანიზაციაზე, კანონის უზენაესობაზე. რეაქციის გარდა სხვა გზა აღარაა. მაგრამ, კიდევ ერთხელ, საფასური საკმაოდ სავალალოა. მივედით იქამდე, როცა აგრესორს აქვს გამბედაობა გამოუთხაროს ძირი მთელ ჩვენს საძირკველს, რომელზეც დემოკრატიას ვაშენებთ, ძირი გამოუთხაროს კანონის უზენაესობას, პრინციპებს, უგულებელყოს საერთაშორისო სამართალი. მაგრამ აქამდე ჩვენ დავაწინაურეთ. ეს არსაიდან არ მომხდარა, წლები დასჭირდა ამ დაშოშმინებას.

–  როგორ მივაღწევთ უკრაინაში მშვიდობას?

თუ ვინმე თვლის, რომ მოლაპარაკებებისთვის პაუზა იქნება და ეს მშვიდობას ნიშნავს, ეს ასე არ იქნება. ეს იქნება პაუზა რუსეთისთვის, რათა აღიდგინოს დანაკარგი, რადგან ისინი გამოფიტული, მიმწყვდეული არიან და სჭირდებათ პაუზა, მაგრამ ეს პაუზა ოკუპირებული ტერიტორიების გაყინვისთვის იქნება, არა მშვიდობისთვის. შესაბამისად, უკრაინამ, დასავლური საზოგადოების დახმარებით, უნდა იმოქმედოს ბოლომდე. [რუსები] მტკივნეულად უნდა დამარცხდნენ, სხვანაირად ცვლილება და მშვიდობა არ იქნება. როგორც ვიცით, რუსები საუკეთესო მშვიდობის შემნარჩუნებლები არიან, მიწის ნაგლეჯებს იღებენ და ინარჩუნებენ.

კომენტარები