რუსი ტურისტები საქართველოში

კობახიძე: იმის აუცილებლობა არ არსებობს, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმს გადავხედოთ

რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით, საქართველოში კონკრეტული რეჟიმი მოქმედებს, რომელიც, სხვათა შორის, წინა ხელისუფლებამ 2012 წლის დასაწყისში შემოიღო და დღეს არანაირი რისკები არ ჩანს. აქედან გამომდინარე, არავითარი აუცილებლობა არ არსებობს იმის, რომ თავის დროზე შემოღებულ სავიზო რეჟიმს გადავხედოთ. დანარჩენი სპეკულაციებია და ყველაფერი ისევ და ისევ ომის პროპაგანდასა და ომის რიტორიკას უკავშირდება. ბუნებრივია, რადიკალურ ოპოზიციას ჩვენ ამაში არ შევყვებით. არავითარი რუსეთის მოქალაქეების საქართველოში უკონტროლო შემოსვლა არ ხდება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხელისუფლებაა დაინტერესებული იმით, რომ თუ რაიმე რისკი არსებობს, ამის პრევენცია მოხდეს. ახლა კი არავითარი რისკები არ ფიქსირდება. შესაბამისი უწყებები ამაზე პასუხისმგებლები არიან და ისინი ამ ყველაფერს აკონტროლებენ.

თქვენ გახსოვთ პირველი ხელოვნური აჟიოტაჟი, რომელიც მარტში შეიქმნა. მაშინ ისე წარმოაჩენდნენ სიტუაციას, რომ თითქოს ქვეყანა დაიქცა და დაიქცეოდა რამდენიმე დღეში. თუმცა, მარტის მერე ნახევარი წელი გავიდა და არაფერი მომხდარა. აქედან ჩანს, რომ ის აჟიოტაჟი ხელოვნურად შეიქმნა. დღევანდელი აჟიოტაჟიც ზუსტად ასევე ხელოვნურად შექმნილია. არაფერზე, ცარიელ ადგილზე ახდენენ სპეკულირებას. რატომ? იმიტომ, რომ მათ კონკრეტული ინტერესი აქვთ, რამენაირად ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ და ომის პროპაგანდა გააჩაღონ. ბუნებრივია, მათ ამაში ვერ შევყვებით.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართული ბრიფინგის დროს.

კომენტარები