ისრაელი-რუსეთი

რუსეთი ებრაულ სააგენტოზე სასაუბროდ ისრაელის დელეგაციას მიიღებს

ისრაელის მედია წერს, რომ რუსეთი ებრაულ სააგენტოსთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად ისრაელიდან გაგზავნილ დელეგაციას საბოლოოდ მიიღებს. 

ისრაელის მედიაში აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კვირას, 24 ივლისს რუსეთი ისრაელის დელეგაციას არ იღებდა და ვიზებს არ აძლევდა.

დელეგაცია მოსკოვში მიდის იმისთვის, რომ კრემლი დაარწმუნონ, არ დახურონ ებრაული სააგენტო.

აქამდე ისრაელის პრემიერმინისტრმა, იაირ ლაფიდმა განაცხადა, რომ რუსეთში ებრაული სააგენტოს დახურვა სავალალო იქნება. 

გასულ კვირაში იაირ ლაფიდმა, რომელიც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობასაც ასრულებს, გამოაცხადა, რომ მოსკოვში დელეგაციას გაგზავნიდა. გამგზავრებამდე დელეგაციის წევრები მას შეხვდნენ.

კრემლი რუსეთში ებრაული სააგენტოს დახურვას აპირებს რასთან დაკავშირებითაც ისრაელის პრემიერმინისტრის, იაირ ლაფიდის ოფისის ცნობით, იერუსალიმი სპეციალურ დელეგაციას გაგზავნის.

აქამდე, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მოსკოვის რაიონულ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა ქვეყანაში ებრაული სააგენტოს მუშაობის შეწყვეტა.

გასულ თვეში რუსეთის მთავრობამ შეატყობინა ებრაულ სააგენტოს, რომელიც აგვარებს ებრაელების ისრაელში ემიგრაციას, რომ აპირებდნენ სამართლებრივი ქმედებების მიღებას "კვაზი-სამთავრობო ორგანიზაციების" წინააღმდეგ, თუ მძიმე მოთხოვნებს არ შეასრულებდნენ.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს საჩივარს მოსკოვის სასამართლოში 28 ივლისს განიხილავენ.


უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობის გაუარესება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიტყვებს მოჰყვა. 

"მერე რა რომ ზელენსკი ებრაელია. ეს ფაქტი უკრაინაში ნაცისტურ ელემენტებს არ აქრობს. მგონი, ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა... ზოგიერთი ყველაზე უარესი ანტისემიტი ებრაელია". – თქვა სერგეი ლავროვმა იტალიურ მედიასთან საუბრის დროს, რასაც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაფიდისგან უარყოფითი შეფასება მოჰყვა და ამ სიტყვებს "საშინელი ისტორიული შეცდომა" უწოდა. ლაფიდის თქმით, ისრაელი რუსეთისგან ბოდიშს ელოდა. 

ისრაელის მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მათ მიმართ ლავროვის სიტყვების გამო ბოდიში მოიხადა.

13 მაისს, როდესაც ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიაში იერიში მიიტანეს, ცნობების მიხედვით, მათ სირიაში მყოფმა რუსულმა ძალებმა С-300-ის ტიპის ჰაერსაწინააღდეგო სისტემიდან ცეცხლი გაუხსნეს.

რამდენიმე დღის შემდეგ, ისრაელმა უკრაინაში ჩაფხუტები და ტყვიაგაუმტარი ჟილეტები გაგზავნა. ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, ეს აღჭურვილობა სამოქალაქო ორგანიზაციისა და სამაშველო ძალების წარმომადგენლებს მოხმარდებოდა.

ივლისის დასაწყისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა უწყების სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადება, სირიაში ისრაელის საჰაერო იერიშებთან დაკავშირებით. განცხადებაში რუსული მხარე ისრაელისგან ითხოვდა, რომ სირიაში თავდასხმები უპირობოდ შეეწვიტათ.

კომენტარები