ისრაელი-რუსეთი

რუსეთი ისრაელისგან სირიაში საჰაერო იერიშების უპირობო შეწყვეტას მოითხოვს

მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა უწყების სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადება, სირიაში ისრაელის საჰაერო იერიშებთან დაკავშირებით. განცხადებაში რუსული მხარე ისრაელისგან ითხოვს, რომ სირიაში თავდასხმები უპირობოდ შეწყვიტონ. 

"2 ივლისს სირიის არაბულ რესპუბლიკაში, ტარტუსის პროვინციაში მდებარე ობიექტების მიმართულებით ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა რამდენიმე რეაქტიული საბრძოლო მასალა ისროლეს. შემოსული შეტყობინებების მიხედვით, საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიჭრა ორი მშვიდობიანი მოქალაქე. სამოქალაქო ინფრასტრუქტურას სერიოზული ზიანი მიადგა.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ სირიის არაბული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ისრაელის განმეორებითი იერიშები კატეგორიულად მიუღებელია. მკაცრად ვგმობთ მსგავს უპასუხისმგებლო ქმედებებს, რომლებიც სირიის სუვერენიტეტსა და საერთაშორისო სამართლის ძირეულ ნორმებს არღვევს და ვითხოვთ მათ უპირობო შეწყვეტას". – წერია განცხადებაში. 

შაბათს, 2 ივლისს საჰაერო იერიში განხორციელდა ალ-ჰამიდიას დასახლების მახლობლად, ტარტუსის სამხრეთში, სადაც რეგიონში რუსეთის მთავარი საზღვაო ბაზაა. ადამიანთა უფლებების დამკვირვებელი სირიული ჯგუფის დაუზუსტებელი ინფორმაციით, იერიშის სამიზნე ჰეზბოლასთვის მიწოდებული იარაღი იყო.

იერიშზე სირია ისრაელს ადანაშაულებს. ისრაელის თავდაცვის ძალებში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. ისრაელმა ბოლო წლებში სირიაში რიგი საჰაერო თავდასხმები მიიტანა, თუმცა ამ თემაზე ოფიციალური პირები იშვიათად საუბრობენ.

ისრაელს აღიარებული აქვს, რომ  სირიაში ირანთან კავშირში მყოფი დაჯგუფებების, როგორიცაა ჰეზბოლა, ბაზებზე იერიშები მიჰქონდათ. 

მას შემდეგ, რაც სირიაში 2011 წელს სამოქალაქო ომი დაიწყო, ისრაელმა აქ ირანის მარიონეტული დაჯგუფებებისა და ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის სამხედრო ობიექტებზე ასზე მეტი იერიში მიიტანა. სირიის საჰაერო სივრცე დიდწილად კონტროლდება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, თუმცა ისრაელი კვლავ აგრძელებს პერიოდულ იერიშებს. 

რუსეთი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად სირიის კონფლიქტში 2015 წელს ჩაერთო.

კომენტარები