ვლადიმირ პუტინი

ბრიტანეთი: რუსეთს არ აქვს მორალური უფლება, G20-ის სამიტს დაესწროს

ვლადიმირ პუტინი
ფოტო: Alexei Druzhnin, Sputnik, Getty Images

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთს "არ აქვს მორალური უფლება", G20-ის სამიტს დაესწოს. 

"რუსეთს არ აქვს მორალური უფლება, იჯდეს G20-ის სამიტზე, მაშინ, როდესაც მისი აგრესია უკრაინაში გრძელდება. ჩვენ მივესალმებით ინდონეზიის ძალისხმევას, რუსეთის ომის შედეგები განხილული იყოს G20-ის შეხვედრებზე, ისევე, როგორც შესაძლებლობას, რომ G20-ის სამიტზე უკრაინა პრეზიდენტმა ზელენსკიმ წარმოადგინოს". - თქვა პრესსპიკერმა. 

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, მათთან საუბარში ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ თქვა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დიდი ოცეულის (G20) სამიტს დაესწრება. ჯოკო ვიდოდოს თქმით, სამიტზე ვიზიტს მას ჩინეთის პრეზიდენტიც, სი ძინფინგიც დაჰპირდა.

"სი ძინფინგი მოვა. ასევე, პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა, რომ მოვა". – ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ინდონეზიის პრეზიდენტმა ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების G20-ის სამიტზე ვიზიტის გეგმები დაადასტურა. 

G20-ის სამიტი კუნძულ ბალიზე 2022 წლის ნოემბერში ჩატარდება. 

პუტინი ინდონეზიის პრეზიდენტის მხრიდან სამიტზე მიწვევას ამ წლის აპრილში დათანხმდა. G20-ის სამიტზე მოწვეულია უკრაინის პრეზიდენტიც, ვოლოდიმირ ზელენსკი, თუმცა ამჟამად უცნობია დაესწრება თუ არა ის შეხვედრას. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ითხოვდა, რომ G20-ის სამიტზე მოწვეული ქვეყნებიდან რუსეთი გამოეკლოთ.

კომენტარები