სოსო გოგაშვილი

გოგაშვილი: მუხთარლისა და არჩევნების საქმეზე მათთვის სასურველი ჩვენების მიცემას მთხოვდნენ

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი კიდევ ერთ წერილს ავრცელებს, რომელშიც აღწერს, თუ როგორ გადასცა მას შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მუქარა.   

როგორც გოგაშვილი წერს, გომელაურმა მას უთხრა, რატომ არ უჩნდებოდა კითხვა, "თუ რატომ არ შეუვარდნენ და არ ჩაუდეს კვირიკაშვილსა და გახარიას". წერილის მიხედვით, შს მინისტრმა გომელაურს განუმარტა, რომ მისი დაკავება მედიაში, სოც. ქსელებში აქტიურობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონტაქტთან იყო დაკავშირებული.  

როგორც გოგაშვილი წერს, გომელაურს ციხის საშხაპეში ტელეფონით 3-ჯერ ესაუბრა - მისივე ცნობით, შს მინისტრი მისგან ითხოვდა, მიეცა მათთვის სასურველი ჩვენება აფგან მუხთარლის გატაცებისა და არჩევნების გაყალბების საქმეებზე. როგორც წერილში ვკითხულობთ, მას შემდეგ, რაც გოგაშვილმა დავალების შესრულებაზე უარი თქვა, გომელაურმა უთხრა, რომ იცოდა, თუ როგორ ამუშავდებოდა მის წინააღმდეგ სახელმწიფო მანქანა და ომს ივანიშვილის წინააღმდეგ ვერ მოიგებდა. 

მიმდინარე წლის 28 ივლისს, ხუთშაბათ დღეს, დაახლოებით 14:00 საათის შემდეგ საკნის კარი გააღო ბადრაგმა და მითხრა, რომ შემეძლო მესარგებლა საშხაპით. მე ავიღე ჩემი ნივთები და გავემართე საშხაპისკენ, რომელიც მდებარეობს ჩემი საკნის მოპირდაპირე მხარეს, მარჯვნივ დაახლოებით 5 მეტრში, 312-ე საკნის მოპირდაპირედ. ამ წერტილს აკონტროლებს დერეფანში განთავსებული 7 სამეთვალყურეო კამერა. დამატებით 2 კამერა განთავსებულია უშუალოდ ჩემს საკანში. საშხაპის კარები იყო ღია და კართან დამხვდა დაწესებულების დირექტორი ზურა მოდებაძე. მან ხელი ჩამომართვა, მომესალმა, ახლოს მოიწია და დაბალ ხმაზე მითხრა: არ აღელდე, მშვიდად იყავი, საშხაპეში დევს ტელეფონი, რომ წახვალ დარეკავს და უპასუხე. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო და ბუნებრივია ავღელდი, რაც მოდებაძემ შემატყო და მთხოვა, რომ არ მეყვირა და ტელეფონი არ დამემტვრია. ორივე შევედით საშხაპეში, მან მაჩვენა ტელეფონი, რომელიც იდო ფანჯრის ე.წ. "რაფაზე’", თავად გავიდა შეტყობინების გასაგზავანად გასახდელში და მე დავრჩი საშხაპეში. 

ცოტა ხნის შემდეგ დარეკა ტელეფონმა და დამელაპარაკა ვახტანგ გომელაური. ჩვენს შორის შედგა ხმამაღალი და დაძაბული საუბარი, მან გადმომცა ივანიშვილის დანაბარები, რომ მე გადავკვეთე წითელი ხაზები, თუ არ გავჩუმდებოდი და რასაც მეტყოდნენ იმას თუ არ გავაკეთებდი, მე გამანადგურებდნენ და ოჯახს ამომიწყვეტდნენ. ვახტანგ გომელაურმა განმიმარტა, რომ ეს ყველაფერი, რაც 16 ივლისიდან ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელდა, იყო შედეგი ჩემი მედიითა და სოც. ქსელებით აქტივობისა ოცნების წინააღმდეგ და ასევე ჩემი ურთიერთობისა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აშშ-ს საელჩოსთან და ევროკავშირის მისიასთან. მან მითხრა, რომ რატომ არ მიჩნდება კითხვა, თუ რატომ არ შეუვარდნენ და არ ჩაუდეს კვირიკაშვილსა და გახარიას, მე უნდა მივმხვდარიყავი, რომ ეს ყველაფერი ჩემი საქციელის გამო გამიკეთეს. 

საუბარი გაგრძელდა მინიმუმ 30 წუთი, რადგან ტელეფონი გაითიშა და ვახტანგ გომელაურმა თავიდან გადმორეკა. საუბრის ბოლოს მან მითხრა, რომ ხვალ კიდევ დამირეკავდა ხოლო იქამდე მეფიქრა მოსალოდნელ შედეგებზე და ისე მიმეღო გადაწყვეტილება. დავამთავრეთ საუბარი, გამოვედი გასახდელში და ვიყავი ძალიან აღელვებული, რაც შემატყო მოდებაძემ. მე ნელ-ნელა ვაანალიზებდი საუბრის შინაარსს. ძალიან ძნელია, როდესაც ოჯახის ამოწყვეტით გემუქრება საქართველოში ყველაზე მდიდარი და ყოვლისშემძლე ადამიანი. მოდებაძემ შემატყო რა ჩემი ემოციური მდგომარეობა და შემომთავაზა დერეფანში ცოტახნით გაგვესეირნა. ჩვენ გავემართეთ დერეფნის ბოლოსკენ, სადაც შედარებით დიდი სივრცეა, ზურა ჩემს დასამშვიდებლად სხვადასხვა ყოფით საკითხებზე მესაუბრებოდა. შინაარსი ნამდვილად არ მახსოვს, თუმცა ერთადერთი რაც დამამახსოვრდა, მან მითხრა, რომ მასაც კახეთში ჰქონდა სოფელი და ეს სოფელი იყო ბალღოჯიანი. გარკვეული პერიოდი ჩევნ დავყავით ერთად და ისევ გავემართეთ საშხაპისკენ. ამჯერად მე მეორედ შევედი საშხაპეში და ვისარგებლე კუთვნილი შხაპით.  

მეორე დღეს პარასკევს, 29 ივლისს, მე აღარ მიწევდა გრაფიკით საშხაპეში გასვლა, მაგრამ დაახლოებით 15:00 საათზე ჩემი საკნის (306) კარი გააღო ზურა მოდებაძემ და მითხრა, რომ საშხაპეში გავყოლოდი. როგორც მახსოვს, დერეფანში ბადრაგი აღარ იყო. ჩვენ ორივე შევედით საშხაპეში, როგორც წინა შემთხვევაში, ზურა მოდებაძე დარჩა საშხაპეში ხოლო მე ავიღე ტელეფონი და ცოტახანში ტელეფონზე დამირეკა ვახტან გომელაურმა და მითხრა, თუ რა გადავწყვიტე. ასევე დამისახელა მათი პირობები: უნდა გამეჩერებინა ყველანაირი აქტივობა ჩემი და ჩემი ოჯახის მხრიდან, უნდა მიმეცა მათთვის სასურველი ჩვენებები აფგან მუხთარლისა და არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით, ჩემი მხრიდან უარის შემთხვევაში კიდევ ერთელ გამაფრთხილა მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე. მე ვუთხარი, რომ ამ გადაწყვეტილებას ოჯახის წევრებთან გასაუბრების გარეშე ვერ მივიღებდი, რაზეც მან მითხრა, რომ ხვალვე შემახვედრებდა ოჯახის წევრებს და დაველაპარაკებოდი მათ. ამით დასრულდა მეორე საუბარი ჩემსა და ვახტანგ გომელაურს შორის. მე გამოვედი გასახდელში, ტელეფონი გადავეცი მოდებაძეს, რადგან საშხაპეში იყო აუტანელი სიცხე თან ნერვიულობისგან ვიყავი სველი.ზურამ შემომთავაზა მიმეღო შხაპი რაზეც დავთანხმდი, საკნიდან ავიღე ჩემი ნივთები და შევედი საშხაპეში. ზუსტ დროს ვერ ვიხსენებ, თუმცა ეს იყო მანამდე ვიდრე ჩემს ოჯახის წევრებს შემახვედრებდნენ, ზურა მოდებაძე შემოვიდა ჩემთან საკანში, გამაცნო თავის მოადგილე გვარად ხარიტონაშვილი და მითხრა, რომ მისი არ ყოფნის შემთხვევაში მასთან მექნებოდა საქმე.

შაბათს, 30 ივლისს მე საღამოს საათებში არასამუშაო დღეს გამომიყვანეს საკნიდან და პირველ სართულზე დამახვედრეს ჩემი მეუღლე და სამი შვილი. მე ვერ გადმოგცემთ ჩემს მონატრებულ ოჯახთან შეხვედრის ემოციას,მძიმე პირველი წუთების გასვლის შემდეგ მე მათ ყველაფერი მოვუყევი, მათგან მივიღე სრული მხარდაჭერა და შევთანხმდით, რომ გაგვეგრძელებინა ბრძოლა. ჩემი ოჯახის წევრები დაახლოებით 20:30 საათზე გავიდნენ ჩემგან.მე ისინი გავაფრთხილე, რომ ცოტა ხნის განმავლობაში არაფერი არ მოემოქმედათ, რადგან მჭირდებოდა დრო მუქარის დამადასტურებელი მტკიცებულებების შესაგროვებლად.

მეორე დღეს კვირას, 31 ივლისს მე მიწევდა საშხაპეში შესვლა გეგმიურად რითაც მე ვისარგებლე, მაგრამ სატელეფონო საუბარი აღარ შემდგარა და საშხაპეში მხოლოდ ბადრაგმა გამიყვანა, მე იქ დავყავი მხოლოდ 15 წუთი.

1 აგვისტოს, ორშაბათს მე აღარ მიწევდა საშხაპეში გასვლა, მაგრამ გვიან 21:00 საათზე საკანში შემოვიდა #12 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილე, გვარად ხარიტონაშვილი (დერეფანში ბადრაგი არ იდგა) რომელმაც მითხრა, რომ გავყოლოდი საშხაპეში. შევედით ორივე საშხაპეში მან ხელში მომაწოდა იგივე ტელეფონი (სამსუნგის ფირმის) თვითონ დარჩა გასახდელში, ვინაიდან საშხაპეში იყო ძლიერი ორთქლი მე ხარიტონაშვილს ვუთხარი რომ გასახდელი ოთახიდან ვისაუბრებდი ტელეფონზე. ხარიტონაშვილმა მითხრა, რომ წინა დღით პატიმარს დარჩენია მოშვებული ცხელი წყლის ონკანი და ამიტომ იყო ასეთი გაუსაძლისი სიცხე და ორთქლი. ხარიტონაშვილმა უარი მითხრა, რომ მესაუბრა გასახდელში ვინაიდან დერეფანში გადიოდა ხმა და არ უნდოდა სხვა პატიმრებს გაეგო. ტელეფონმა მალე დარეკა, მე შევედი საშხაპეში სასაუბროდ რა თქმა უნდა ისევ მესაუბრებოდა ვახტანგ გომელაური მან მითხრა: თუ რა გადავწყვიტეთ მე და ჩემმა ოჯახმა, მე ვუთხარი რომ ვესაუბრე ოჯახს და მათგან ველოდებოდი პასუხს რაზეც მან მითხრა რომ დაახლოებით ორ დღეში კიდევ შემომიყვანდა მათ ციხეზე და საბოლოო პასუხი ამ კვირაშივე მეთქვა რადგან პროკურატურის წარმომადგენლები მალე უნდა შემოსულიყვნენ ჩემს დასაკითხად. საუბარი იყო ხანმოკლე ტელეფონის გათიშვის შემდეგ. მე გავაგრძელე ხმამაღლა საუბრის იმიტაცია რა დროსაც მე დავაფიქსირე თუ რა ნომრიდან ირეკებოდა ასევე რა სიმბარათი (რა ნომერი) იდო ჩემს ხელთ არსებულ ტელეფონში. ასევე გამოვიყენე წებოვანი ფირი ანაბეჭდისთვის. აღნიშნულის შემდეგ მე გავედი გასახდელ ოთახში და ტელეფონი გადავეცი ხარიტონაშვილს. ვინაიდან მე ვიყავი სველი ორთქლის გამო მან მითხრა, რომ ამეღო ჩემი ნივთები და მიმეღო შხაპი, მე დავბრუნდი ჩემს საკანში ავიღე პირადი ნივთები და მეორედ დავბრუნდი საშხაპეში, გამოვედი დაახლოებით 10 წუთში საკანში, მაგრამ გავხდი შეუძლოდ ემოციური ფონისა და საშხაპეში არსებული ტემპერატურის გამო, რის შემდეგაც ბადრაგს ვთხოვე ჩავეყვანე სამედიცინო პუნქტში მე-2 სართულზე, სადაც დამიფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა. სამედიცინო პუნქტში ვიმყოფებოდი 21:40 საათზე.

03 აგვისტოს დაპირებისამებრ ჩემთან მეორედ შემოუშვეს მეუღლე თეა მარტყოფლიშვილი და ჩემი შვილი ნინო გოგაშვილი. მე ისინი გავაფრთხილე ყველა მოსალოდნელ საფრთხეზე, ასევე ვუთხარი, რომ ყველა მტკიცებულება შეგროვებული მქონდა და რომ გავაგრძელებდით ბრძოლას.

04 აგვისტოს მე გეგმიურად ბადრაგმა გამიყვანა საშხაპეში რითაც ვისარგებლე ხოლო პარასკევს, 05 აგვისტოს 17:00 საათზე ხარიტონაშვილმა ბადრაგის გარეშე შემიყვანა ისევ საშხაპეში რა დროსაც ჩემთან მეოთხედ ისევ განხორციელდა ზარი, რა დროსაც ვახტანგ გომელაურმა მკითხა ჩემი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ, რაზეც მე ვუპასუხე, რომ ჩვენ მათ მიერ შემოთავაზებულ პირობებს არ მივიღებდით, მოვთხოვე, რომ მე ცნობილი უნდა ვყოფილიყავი დაზარალებულად და უნდა დაესაჯათ ყველა ის პირი, ვინც 16 ივლისს ჩემს სახლში ჩადო იარაღები, ე.წ. “ფლეშკები”, მყარი დისკები, ლეპტოპი და სხვა მატერიალური დოკუმენტაცია. ვახტანგ გომელაურმა მიპასუხა, რომ მე ვუშვებდი ძალიან დიდ შეცდომას და ამის შედეგებს ძალიან მალე დავინახავდი. მითხრა, რომ მე ვიცოდი თუ როგორ ამუშავდებოდა სახელმწიფო მანქანა ჩემს წინააღმდეგ და ამ ომს მე ივანიშვილის წინააღმდეგ ვერ მოვიგებდი.

11 აგვისტოს სოსო გოგაშვილის ადვოკატმა თქვა, რომ ის ციხის საშხაპეში გაიყვანეს, სადაც ვახტანგ გომელაური ესაუბრა და დაემუქრა. იმავე დღეს სოსო გოგაშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა, რომ მან ბიძინა ივანიშვილისგან მუქარა მიიღო, რომ თუ არ გაჩერდებოდა, მას და მის ოჯახს გაანადგურებდნენ. 

სოსო გოგაშვილი 15 ივლისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით წარედგინა - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. 18 ივლისს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  

სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ ქართული ოცნების "მხილების კამპანია" წამოიწყო და აპირებს, ის გააგრძელოს.

21 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, TI-მ და ISFED-მა გაავრცელეს მასალები, რომლებიც, მათი განცხადებით, სოსო გოგაშვილმა გადასცათ. დოკუმენტებით ირკვევა, რომ არჩევნებზე ხმის მიცემის სანაცვლოდ მმართველი პარტია მოქალაქეებს მათ მიერ მოთხოვნილი შეღავათებით უზრუნველყოფდა. შეღავათებს შორის არის ჩამორთმეული მართვის მოწმობის დაბრუნება, პირობითი მსჯავრის მოხსნა, ჯარიმის გაუქმება, ჯარში წასვლის ვალდებულების გადავადება, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლება, სასჯელის შემსუბუქება და ა.შ.   

გოგაშვილის მიერ 26 ივლისს გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, რომ აფგან მუხთარლი ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, ამის ამსახველი კადრები კი ე.წ ოტომ წაშალა. წერილში ის ასევე ამბობს, რომ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თავისი შვილის საქმრო გაატაცებინა, აწამებინა და ქვეყნიდან გაუშვა, რადგან ეთნიკურად ქურთის "სახლში შეშვება არ უნდოდა". ყოფილი მაღალჩინოსანი ასევე აცხადებს, რომ 2017 წელს შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს ივანიშვილის დავალებით სცემეს - "ტელეფონზე ბიძინას გინების გამო".

კომენტარები