რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა "საერთო ძალისხმევით, ყოვლისმომცველ და კონსტრუქციულ ორმხრივ ურთიერთობებს გააძლიერებენ". ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ფხენიანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩრდილოეთ კორეის გათავისუფლების დღისადმი მიძღვნილ წერილში პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვსა და ფხენიანს შორის მჭიდრო კავშირი ორივე ქვეყნის ინტერესებშია. მისი თქმით, ქვეყნების დაახლოება კორეის ნახევარკუნძულისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას გაზრდის.
აქამდე, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა 12 ივნისს რუსეთის ფედერაციის დღის აღსანიშნავად ვლადიმირ პუტინს მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა.
"რუსი ხალხი, თქვენი წინამძღოლობით, ყველანაირ გამოწვევასა და სირთულეს გაბედულად გადალახავს. თქვენ წარმატებას სამართლიანი საქმის კეთებასა და ქვეყნის განვითარების, ღირსების, უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის კუთხით მიაღწიეთ, რომელსაც ჩვენი ხალხი სრულ მხარდაჭერას უცხადებს". - ნათქვამია ტელეგრამაში.
კიმ ჩენ ინმა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებაზეც ისაუბრა. მან ტელეგრამაში აღნიშნა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ტაქტიკური თანამშრომლობა "მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლიანობის დაცვისა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზაზე".