აშშ-რუსეთი

ტერორიზმის სპონსორად აღიარების შემთხვევაში რუსეთში აშშ-ს ურთიერთობის გაწყვეტით ემუქრება

Russian Foreign Ministry – МИД России / Facebook

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის, ალექსანდრ დარჩიევის თქმით, თუ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს, ამან, შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის შემცირება და გაწყვეტაც კი გამოიწვიოს.

"არ ვისურვებდი ჰიპოთეტურ დისკუსიაში შესვლას იმის შესახებ, თუ რა არის და რა არ არის შესაძლებელი დღევანდელ ტურბულენტურ ვითარებაში, როდესაც დასავლეთმა შეერთებული შტატების მეთაურობით ფეხქვეშ გათელა საერთაშორისო სამართალი და აბსოლუტური ტაბუ დიპლომატიურ ურთიერთობაში.

ამ კონტექსტში გამოვყოფ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ახლა კონგრესში განიხილება, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადდეს. თუ ეს მოხდება, ვაშინგტონი გადაკვეთს იმ წერტილს, საიდანაც უკან დახევა შეუძლებელი იქნება და ორმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობებს უმძიმეს ზიანს მიაყენებს მათ შემცირებამდე და გაწყვეტამდეც კი. ამერიკული მხარე გაფრთხილებულია". – ასე უპასუხა დარჩიევმა რუსული სამთავრობო მედიის, TASS-ის კითხვას, განიხილება თუ არა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიპლომატიური ურთიერთობის შემცირების შესაძლებლობა.

28 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ჩეჩნეთში, საქართველოში, უკრაინასა და სირიაში.

"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს მრავალი დანაშაული მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ და ცდილობდნენ დაფარონ მათი სისასტიკე უკრაინაში მასობრივი საფლავებით". – წერია სენატის კანონპროექტში.

რუსეთისთვის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებისთვის აუცილებელია სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობა.

კომენტარები