სალმან რუშდი

ირანული სამთავრობო მედია რუშდიზე თავდამსხმელის მხარდამჭერ სტატიებს აქვეყნებს

სალმან რუშდი
REUTERS/Luke MacGregor/File Photo

მწერალ სალმან რუშდიზე თავდასხმის შემდეგ, რამდენიმე ირანულმა გამოცემამ დამნაშავის მხარდამჭერი სტატია გამოაქვეყნა. მათ შორის, ირანული გამოცემა Kayhan-ი, რომლის მთავარი რედაქტორიც ირანის უზენაესი ლიდერი, ალი ხამენეი, წერს:

"ათასი ბრავო... მამაც და მორჩილ ადამიანს, რომელიც ღვთისგან განდგომილ და ბოროტ სალმან რუშდის ნიუ იორკში თავს დაესხა. იმ კაცის ხელი, რომელმაც ღვთის მტერს კისერი გამოჭრა, ნაკოცნი უნდა იყოს". - წერს გამოცემა. 

კიდევ ერთი ირანული გამოცემის, Vatan Emrooz-ის სათაურში ვკითხულობთ: "დანა სალმან რუშდის კისერში". ხოლო, გაზეთმა Khorasan-მა რუშდიზე თავდასხმის შემთხვევა შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: "სატანა ჯოჯოხეთის გზაზე". 

ნიუ იორკის პოლიციამ დაადგინა, რომ რუშდიზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 24 წლის ჰადი მატარია. თავდასხმის ოფიციალური მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მწერალ სალმან რუშდის წიგნის აგენტის, ენდრიუ უაილის თქმით, რუშდი 12 აგვისტოს მომხდარი თავდასხმის გამო სავარაუდოდ თვალს დაკარგავს. ასევე, მწერალს აღენიშნება შინაგანი დაზიანებები.

რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ, რუშდი მექანიკური ვენტილაციის აპარატზე იმყოფებოდა, რის გამოც მან ჩვენების მიცემა ვერ შეძლო. საერთაშორისო საზოგადოებამ რუშდიზე თავდასხმა დაგმო. მათი შეფასებით, ეს გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმის ტოლფასია.

მწერალ სალმან რუშდის ნიუ იორკში, ჩაუტაუკუას ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლამდე თავს დაესხნენ და ცივი იარაღით დაჭრეს

რუშდი, რომელიც მუმბაიში, მუსლიმთა ოჯახში დაიბადა, მისი მეოთხე რომანისთვის "სატანური სურები" ქვეყნიდან გააძევეს. რომანი 1988 წელს, გამოქვეყნებისთანავე აიკრძალა მრავალ, ძირითადად მუსლიმი მოსახლეობის ქვეყნებში. 

გამოქვეყნებიდან 1 წლის შემდეგ, აიათოლა ხომეინმა, იმჟამინდელმა ირანის უზენაესმა ლიდერმა რუშდის წინააღმდეგ ფატვა გამოაცხადა. ფატვა რელიგიური განკარგულებაა, რომლითაც ხომეინი მუსლიმებს რუშდის მოკვლისკენ მოუწოდებდა.

რუშდი, რომელმაც თავის რომანს "საკმაოდ მსუბუქი" უწოდა, მრავალი წლის განმავლობაში იმალებოდა. მეტიც, 1991 წელს რუშდის რომანის იაპონელი მთარგმნელი, ჰიტოში იგარაში მოკლეს. მოგვიანებით, 1998 წელს ირანის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ფატვას მხარს აღარ უჭერდნენ.

ირანულმა ორგანიზაციებმა, რომელთაგან ზოგიერთი მთავრობასთანაა კავშირში, რუშდის მკვლელობისთვის მილიონობით დოლარის ჯილდო დააწესეს. ხოლო, 2017 წელს აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ რუშდის წინააღმდეგ ფატვა კვლავ ძალაშია.

კომენტარები