აშშ-ში ნაფიცმა მსაჯულებმა ნიუ ჯერსის მცხოვრები 27 წლის ჰადი მატარი მწერალ სალმან რუშდის მკვლელობის მცდელობასა და რუშდისთან ერთად სცენაზე მდგომ ჰენრი რიზზე თავდასხმაში დამნაშავედ ცნეს.
2022 წელს მატარი რუშდის სიტყვით გამოსვლამდე დანით თავს დაესხა, რის შედეგადაც მწერალი სერიოზულად დაშავდა და მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა. ნაწილობრივი სიბრმავის გამო, მწერალი დაბინდულ სათვალეს იყენებს.
როგორც რუშდიმ სასამართლოზე განაცხადა, თავდასხმის დროს ეგონა, რომ მოკვდებოდა.
ოლქის პროკურორმა, ჯეისონ შმიდტმა ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ თქვა, რომ ვიდეოში აღბეჭდილმა მტკიცებულებებმა საქმის გადაწყვეტაში დიდი როლი შეასრულა.
საქმის მიმდინარეობისას შმიდტმა ხაზი გაუსვა ტრავმატოლოგი ქირურგის ჩვენებას, რომლის თანახმადაც სასწრაფო მკურნალობის გარეშე რუშდი დაზიანებების შედეგად დაიღუპებოდა.
დაცვის მხარემ, ენდრიუ ბროტიგანმა განაცხადა, რომ პროკურატურამ სათანადოდ ვერ დაასაბუთა მატარის განზრახვა, მოეკლა რუშდი, ხოლო შმიდტის თქმით, "წინასწარ განჭვრეტადია, რომ თუკი ვინმეს 10-ჯერ ან 15-ჯერ სახესა და კისერში დანით ჩაარტყამ, ეს ფატალურად დასრულდება".
მატარმა ვერდიქტის გამოცხადებისა და სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ ჩუმად თქვა, "თავისუფლება პალესტინას", რაც დარბაზში შესვლისა და გამოსვლისას აქამდეც უთქვამს.
მწერალ სალმან რუშდის თავს 2022 12 აგვისტოს ნიუ-იორკში, ჩაუტაუკუას ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლამდე დაესხნენ და ცივი იარაღით დაჭრეს.
თავდასხმის შემდეგ რუშდი 17 დღის განმავლობაში პენსილვანიის საავადმყოფოში იმყოფებოდა, შემდგომ კი ნიუ იორკის რეაბილიტაციის ცენტრში 3 კვირაზე მეტი დრო გაატარა.
რუშდიმ სასამართლოზე თქვა, რომ თავდამსხმელმა მას დანა თვალში, ლოყაზე, კისერში, მკერდზე, ტანსა და ბარძაყში 15-ჯერ დაარტყა. მანვე დაამატა, რომ მატარმა მას დანა მარცხენა ხელშიც ჩაარტყა, როდესაც მწერალი თავის დაცვას ცდილობდა.
რუშდი, რომელიც მუმბაიში, მუსლიმთა ოჯახში დაიბადა, მისი მეოთხე რომანისთვის "სატანური სურები" ქვეყნიდან გააძევეს. რომანი 1988 წელს, გამოქვეყნებისთანავე აიკრძალა მრავალ, ძირითადად მუსლიმი მოსახლეობის ქვეყნებში.
გამოქვეყნებიდან 1 წლის შემდეგ აიათოლა ხომეინმა, იმჟამინდელმა ირანის უზენაესმა ლიდერმა რუშდის წინააღმდეგ ფატვა გამოსცა. ფატვა რელიგიური განკარგულებაა, რომლითაც ხომეინი მუსლიმებს რუშდის მოკვლისკენ მოუწოდებდა.
რუშდი, რომელმაც თავის რომანს "საკმაოდ მსუბუქი" უწოდა, მრავალი წლის განმავლობაში იმალებოდა. 1991 წელს რუშდის რომანის იაპონელი მთარგმნელი, ჰიტოში იგარაში მოკლეს. მოგვიანებით, 1998 წელს ირანის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ფატვას მხარს აღარ უჭერდნენ.
ირანულმა ორგანიზაციებმა, რომელთაგან ზოგიერთი მთავრობასთანაა კავშირში, რუშდის მკვლელობისთვის მილიონობით დოლარის ჯილდო დააწესეს. ხოლო, 2017 წელს აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ რუშდის წინააღმდეგ ფატვა კვლავ ძალაშია.





