სალმან რუშდი

სალმან რუშდი ნიუ იორკში სიტყვით გამოსვლამდე ცივი იარაღით დაჭრეს

მწერალ სალმან რუშდის ნიუ იორკში, ჩაუტაუკუას ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლამდე თავს დაესხნენ და ცივი იარაღით დაჭრეს

75 წლის მწერალი ჩაუტაუკუას ინსტიტუტში გამართულ ღონისძიებაზე ლექციის წასაკითხად იყო მიწვეული. მას თავს წარდგენისას დაესხნენ. 

დამნაშავე პოლიციამ ადგილზე დააკავა. ხოლო რუშდის პირველადი დახმარება სცენაზევე აღმოუჩინეს. 

ამჟამად მწერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. 

რუშდი, რომელიც მუმბაიში, მუსლიმთა ოჯახში დაიბადა, მისი მეოთხე რომანისთვის "სატანური სურები" ქვეყნიდან გააძევეს. რომანი 1988 წელს, გამოქვეყნებისთანავე აიკრძალა მრავალ, ძირითადად მუსლიმი მოსახლეობის ქვეყნებში. 

გამოქვეყნებიდან 1 წლის შემდეგ, აიათოლა ხომეინმა, იმჟამინდელმა ირანის უზენაესმა ლიდერმა რუშდის წინააღმდეგ ფატვა გამოაცხადა. ფატვა რელიგიური განკარგულებაა, რომლითაც ხომეინი მუსლიმებს რუშდის მოკვლისკენ მოუწოდებდა.

რუშდი, რომელმაც თავის რომანს "საკმაოდ მსუბუქი" უწოდა, მრავალი წლის განმავლობაში იმალებოდა. მეტიც, 1991 წელს რუშდის რომანის იაპონელი მთარგმნელი, ჰიტოში იგარაში მოკლეს. მოგვიანებით, 1998 წელს ირანის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ფატვას მხარს აღარ უჭერდნენ.

ირანულმა ორგანიზაციებმა, რომელთაგან ზოგიერთი მთავრობასთანაა კავშირში, რუშდის მკვლელობისთვის მილიონობით დოლარის ჯილდო დააწესეს. ხოლო, 2017 წელს აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ რუშდის წინააღმდეგ ფატვა კვლავ ძალაშია.

 

კომენტარები