რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოსტინი: ვაშინგტონი მოკავშირეებთან ერთად უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები პირობას დებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერას იქამდე გააგრძელებენ, სანამ ამის საჭიროება იარსებებს. ამის შესახებ ოსტინმა 10 აგვისტოს, ლატვიაში ვიზიტისას ისაუბრა

ოსტინმა აღნიშნა, რომ აშშ "უკრაინის დახმარებასა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას მისი სუვერენიტეტის დასაცავად ესწრაფვის". 

2 აგვისტოს, პენტაგონმა უკრაინისთვის დახმარების კიდევ ერთი, $550 მილიონის ღირებულების პაკეტი გამოჰყო, რომელიც მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემებს (HIMARS) მოიცავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროისთვის აშშ-მ უკრაინაში 16 HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემა გაგზავნა.

ამერიკული მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემის (HIMARS) მეშვეობით, უკრაინამ ფრონტზე გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. ამ სისტემისთვის უკრაინისთვის გადაცემულ რაკეტებს დაახლოებით 70 კმ.-იანი რადიუსი გააჩნია და მაღალი სიზუსტის არის.

24 თებერვლის შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას $9.8 მილიარდის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა გადასცა. 

კომენტარები