საქართველო-ევროკავშირი

კუბილიუსი: ქართული ოცნებისგან ვერ ვხედავთ ქცევას, რომ მზად არის, შეასრულოს კრიტერიუმები

Baltics.news

"ქცევას ვერ ვხედავთ მმართველი პარტიიდან, მთავრობის ლიდერობიდან, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, შეასრულოს მოცემული კრიტერიუმები" – თქვა ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა ტელეკომპანია ფორმულასთან ინტერვიუში. ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 12 მოთხოვნის წამოყენების შემდეგ ქართულმა ოცნებამ განსხვავებულად მოქმედების ნაცვლად, კვლავ იმავე გზით სვლა გააგრძელა.

"საქართველოსთვის ითქვა, რომ არსებობს 12 პირობა, რომელიც უნდა შეასრულოს და ვფიქრობ, რომ ეს გახლავთ ძალიან ნათელი გზავნილი ევროკავშირის ინსტიტუტებიდან და ეს იქნება ბიძგი მმართველი პარტიისთვის, მთავრობისთვის, რომ დაიწყონ მოქცევა სხვანაირად, მაგრამ სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ დღემდე, ასეთ ქცევას ვერ ვხედავთ მმართველი პარტიიდან, მთავრობის ლიდერობიდან, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, შეასრულოს მოცემული კრიტერიუმები. კრიტიკა აშშ-ის ელჩის, ყოფილი ევროკავშირის ელჩის მისამართით. მაკვირვებს, რომ მმართველ პარტიას, რომელმაც ევროკომისიამ და საბჭომ ანახა, წაუყენა 12 მოთხოვნა, იმის ნაცვლად, რომ ევროპული საბჭოს დასკვნის შემდეგ გაეაზრებინათ ის, რომ განსხვავებულად უნდა ემოქმედათ, გააგრძელეს იგივე გზით – გააგრძელეს აგრესიული ენის გამოყენება, ბრალდებები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის წინააღმდეგ, ასევე დაადანაშაულეს ყოფილი ევროკავშირის ელჩი, ეს არის ბავშვური ქცევა, წარმოუდგენელი რამ. თუ ქვეყანას სურს გახდეს ევროპის თანამეგობრობის წევრი, ესე არ უნდა იქცეოდეს. არის შეცდომები მმართველი პარტიის წევრების მიერ, რომელიც იყო დასახელებული საბჭოსა და კომისიის მიერ და მმართველმა პარტიამ უნდა შეცვალოს საკუთარი პოლიტიკა და არ დაადანაშაულოს სხვები საკუთარი შეცდომებისთვის". – თქვა კუბილიუსმა.

ევროპარლამენტარი ასევე გამოეხმაურა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენისთვის გაგზავნილ წერილსაც, რომელშიც ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის მილიონებს იცავდა. კუბილიუსის თქმით, ევროპული ინსტიტუტების მისამართით ღარიბაშვილის წერილი აჩვენებს, რომ ივანიშვილი ოლიგარქია.

"ვფიქრობ, პრემიერმინისტრის წერილი ევროპულ ინსტიტუტებთან გახლავთ ზუსტად იმის მაგალითი, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, ეს გახლავთ ნათელი ჩვენება იმისი, თუ რამხელა ოლიგარქიული გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილს პრემიერმინისტრზე და მმართველ პარტიაზე, იმიტომ. რომ პრემიერმინისტრის ძალისხმევა და იმის ახსნა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ გახლავთ ოლიგარქი, ეს ანახებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს უზარმაზარი გავლენა აქვს საქართველოს მთავრობაზე. როდესაც ევროპული საბჭო და კომისია დეოლიგარქიზაციაზე საუბრობს საქართველოში, იგი რა თქმა უნდა საუბრობს ბიძინა ივანიშვილის ზეგავლენაზე". – თქვა კუბილიუსმა.

ევროპარლამენტარმა ასევე ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომსა და NATO-საქართველოს ურთიერთობაზე. კუბილისუსის თქმით, 2008 წელს დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, როდესაც საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ მისცა.

"ჩვენ ახლა შეგვიძლია კიდევ უფრო მყარად განვაცხადოთ, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა დასავლეთის 2008 წელს, რომ საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ მიეცა NATO-ში წევრობისთვის, საქართველოს და უკრაინას არ მიენიჭა ეს გეგმა. ეს იყო ის, რომ კრემლმა გაიგო, რომ რაც სურს იმას გააკეთებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და უკრაინა და იმპერიული, კოლონიური ომი რომელიც დაიწყო 2008 წელს საქართველოში, იყო ნათელი სიგნალი, რა მოხდებოდა, რა ხდებოდა, შემდეგ ამას მოჰყვა ყირიმის ოკუპაცია და შემდეგ ვიხილეთ აგრესიული ომი უკრაინაში. ეს დაიწყო საქართველოდან და გრძელდება დღემდე და იმედი მაქვს, რომ დასავლეთის სამყარომ გაცილებით უკეთესად გაიგო ქართველი ხალხის ტანჯვა, უკრაინელების ტანჯვა, რატომ იტანჯებოდა ეს ხალხი და რატომ იყო ძალიან დიდი შეცდომა, რომ რეაგირება არ მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას 2008 წელს რუსეთის იმპერიული ძალების მიერ ძალიან ნათელი და პირდაპირი გზით, იმიტომ რომ იყო ძალისხმევა პუტინთან დიალოგის, საქართველოს ომის შემდეგ, ეს იყო ძალიან დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა დასავლეთისა". – თქვა კუბილიუსმა ფორმულასთან საუბარში.


23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად წინასწარი პირობები წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

კომენტარები