რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: ზელენსკის მოწოდება რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვაზე ირაციონალურია

დმიტრი პესკოვი
NBC

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნა, რუსეთის მოქალაქეებისთვის დასავლეთის ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვის შესახებ ირაციონალურია. პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპამ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, გადაიხდის თუ არა ფასს ზელენსკის "ახირებებისთვის". 

კრემლის სპიკერმა თქვა, რომ ზელენსკის მოწოდებების მიუხედავად, არ არსებობს იმის შანსი, რომ რუსეთის მოქალაქეები დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირებულები დარჩნენ და უკრაინის პრეზიდენტის განცხადება ეჭვქვეშ აყენებს იმას, განაგრძობს თუ არა ევროპა კიევის მხარდაჭერას. 

"მისი [ზელენსკის] ირაციონალური აზროვნება, ამ შემთხვევაში, ყოველგვარ ზღვარს სცდება. 

ეს მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურად შეიძლება შეფასდეს. რუსეთის, ან რუსების იზოლაციის ნებისმიერი მცდელობა არის პროცესი, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს. 

ადრე თუ გვიან, ევროპა დაეჭვდება ზელენსკის ქმედებებში და იმაში, უნდა გადაიხადონ თუ არა უკრაინის მოქალაქეებმა პრეზიდენტის ახირებებისთვის”. - თქვა პესკოვმა

აქამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიის შესაჩერებლად დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რომ საზღვრები რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ჩაკეტონ. ამის შესახებ ზელენსკიმ The Washington Post-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვაა, რადგან რუსები სხვის მიწებს იტაცებენ. ზელენსკის განცხადებით, რუსებმა საკუთარ სამყაროში უნდა იცხოვრონ იქამდე, სანამ თავიანთ ფილოსოფიას არ შეცვლიან.

"რანაირი რუსიც არ უნდა იყოს, აიძულეთ ისინი, რომ რუსეთში წავიდნენ. მაშინ მიხვდებიან. ახლა ისინი ამბობენ - ამ ომს ჩვენთან კავშირი არ აქვს. მთელი მოსახლეობა პასუხისმგებელი ვერ იქნება, ეს შესაძლებელია? - დიახ, შესაძლებელია. მოსახლეობამ აირჩია ეს მთავრობა და ისინი მას არ ებრძვიან, არ ეჩხუბებიან და არ უყვირიან. არ გინდათ ეს იზოლაცია? თქვენ ეუბნებით მთელ მსოფლიოს, რომ ყველამ თქვენი წესებით უნდა იცხოვროს. ხოდა, წადით და რუსეთში იცხოვრეთ, ეს პუტინზე ზემოქმედებისთვის ერთადერთი გზაა". - ამბობს ზელენსკი.

კომენტარები