2008 წლის აგვისტოს ომი

მედვედევი: 2008 წელს მოქალაქეების დასაცავად ვიმოქმედეთ

დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომს რუსეთის მიერ "საქართველოს მშვიდობისკენ იძულების ქმედებებს" უწოდებს, რომლის მიზანი "მოქალაქეების დაცვა" იყო.

"ქმედებები, რომლითაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მშვიდობა ვაიძულეთ, ჩვენი მოქალაქეების დასაცავად განხორციელდა. ამავე დროს, ეს იყო სიგნალი აშშ-სა და NATO-სთვის, რომ გაეთვალისწინებინათ რუსეთის შეშფოთება.

კავკასიაში სიტუაცია შეიცვალა. მაგრამ აშშ-მ და NATO-მ ეს ვერ გაიგეს და ვერ მიხვდნენ. დააიგნორეს. გააგრძელეს უკიდურესად საშიში კურსი. 2022 წელს ჩვენ უფრო მკაცრი პასუხის გაცემა მოგვიწია. ახლა მთელი მსოფლიო შეუქცევადად შეიცვალა". – წერს მედვედევი Telegram-ზე.

რუსეთ-საქართველოს ომი 14 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კონფლიქტი 8 აგვისტოს დაიწყო.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები