აშშ-რუსეთი

რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელს, ბრიტნი გრაინერს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ ამერიკელი კალათბურთელი, ბრიტნი გრაინერი ნარკოტიკების შენახვასა და საზღვარზე გადმოტანაში დამნაშავედ ცნო და მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გრაინერი თებერვალში  შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. სპორტსმენის ბარგში ელექტრონული სიგარეტის ჰაშიშის ზეთის კარტრიჯები აღმოაჩინეს. ნივთიერება აკრძალულია რუსეთში, თუმცა ლეგალურია აშშ-ის ზოგიერთ შტატში. კალათბურთელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკების კონტრაბანდის მუხლით აღიძრა, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გრაინერმა სასამართლოში განმარტა, რომ გამოფრენამდე ბარგი სიჩქარეში ჩაალაგა და კარტრიჯების რუსეთში ჩამოტანა განზრახ არ უცდია.

5 ივლისს გრაინერმა ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მიწერა წერილი და სთხოვა "ყველაფერი გააკეთოს" მისი გათავისუფლებისთვის. 

რუსეთის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ მალევე აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ამერიკელი კალათბურთელი უსამართლოდ დააკავეს და რუსეთს მისი სასწრაფოდ გათავისუფლება მოსთხოვა.

დღეს, ამერიკის მოქალაქე ბრიტნი გრაინერს პატიმრობა მიესაჯა. ეს კიდევ ერთხელ ახსენებს მსოფლიოს, რაც მან უკვე იცის: რუსეთმა უკანონოდ დააკავა ბრიტნი. ეს მიუღებელია და მოვუწოდებ რუსეთს, ის სასწრაფოდ გაათავისუფლოს, რათა მან შეძლოს ცოლთან, საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებთან და თანაგუნდელებთან ერთად ყოფნა". – წერია ბაიდენის განცხადებაში. 

CNN-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, რუსეთი ამერიკელი პატიმრების, პოლ უელანისა და ბრიტნი გრაინერის სანაცვლოდ რუსი იარაღით მოვაჭრის, ვიქტორ ბუტის გარდა, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკლვლელის, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ყოფილი თანამშრომლის, ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებას ითხოვს.

ბრიტნი გრაინერი ქალთა კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოქმედი ვარსკვლავია. არის NBA-ს გამარჯვებული, ორი ოლიმპიური ოქროს მფლობელი, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ქალთა All Star-ის რვა გზის მონაწილე. 2013 წლიდან თამაშობს ფინიქს მერკურიში, 2015 წლიდან პარალელურად, NBA-ს სეზონის დასრულების შემდეგ ასევე თამაშობს რუსულ კლუბში УГМК.

კომენტარები