რუსეთ-ჩინეთი

რუსეთი: პელოსის ვიზიტი ტაივანში არის წმინდა პროვოკაცია, სოლიდარულები ვართ ჩინეთის მიმართ

დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს გამოეხმაურა. პესკოვის თქმით, რუსეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ჩინეთს და მის მიდგომას ჩინეთ-ტაივანის საკითხის მიმართ. ამასთან ერთად, კრემლის სპიკერმა პელოსის ტაივანში ვიზიტს წმინდა პროვოკაცია უწოდა.

"ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ამ ტურნესთან და ტაივანში სავარაუდო ვიზიტთან არის წმინდა პროვოკაცია. ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ კიდევ ერთხელ, რომ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩინეთს, მისი მიდგომა პრობლემისადმი არის გასაგები და სრულად გამართლებული". – თქვა პესკოვმა.

ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს ასევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა. მისი თქმით, ვაშინგტონი ცდილობს მსოფლიოში დესტაბილიზაციის შექმნას.

"ვაშინგტონი ცდილობს მსოფლიოში დესტაბილიზაციის შექმნას. უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ბევრი პროვოცირებული კონფლიქტი, მაგრამ არცერთი მოგვარებული". – წერს ზახაროვა.

ნენსი პელოსი ბოლო 25 წელში ყველაზე მაღალი თანამდებობის ამერიკელია, რომელიც ტაივანს ეწვია. ამას გარდა, უკვე მრავალი წელია, რაც პელოსი პეკინის პოლიტიკას აქტიურად აკრიტიკებს.

აშშ-ს თეთრ სახლში ამბობდნენ, რომ ჩინეთმა შესაძლოა ძალის დემონსტრირებას მიმართოს, თუ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა.

ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით პეკინის უკმაყოფილება მუქარაში გადაიზარდა. გასულ კვირაში ჯო ბაიდენსა და სი ძინპინგს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა ბაიდენს უთხრა: "ვინც ცეცხლს ეთამაშება, მისგან იღუპება".

მანამდე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჭაო ლიძიანმაც ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი კომენტარი გაავრცელა.

Financial Times-ი საქმის კურსში მყოფ 6 ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ჩინეთმა აშშ პელოსის ვიზიტთან დაკავშირებით ჩვეულებრივზე უფრო მკაცრად გააფრთხილა. აქამდე ჩინეთმა შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით უკმაყოფილება საჯაროდაც გამოხატა და "მძიმე ზომებითაც" იმუქრებოდა, თუმცა, ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ეს უფრო მსუბუქი ფორმა იყო. რამდენიმე წყარო ამბობდა, რომ არასაჯარო რიტორიკა შესაძლო სამხედრო პასუხამდეც კი მიდიოდა.

ნენსი პელოსი ტაივანში ვიზიტს ამ წლის აპრილში გეგმავდა, თუმცა მას შემდეგ გადადო, რაც Covid-19 დაუდასტურდა.

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

ჩინეთი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. "ერთი ჩინეთის" პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.

კომენტარები