აშშ-ჩინეთი

REUTERS: ჩინეთის გაფრთხილების მიუხედავად, ნენსი პელოსი ტაივანს მაინც ეწვევა

REUTERS/Thomas Peter

Reuters-ის წყაროს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ჩინეთის გაფრთხილების მიუხედავად, ტაივანს მაინც ეწვევა

გავრცელებული ინფორმაციით, პელოსი ტაივანში ხვალ, 2 აგვისტოს ჩავა. წარმომადგენელთა პალატის პრესსპიკერმა აზიაში ვიზიტი დღეს, პირველ აგვისტოს სინგაპურიდან დაიწყო. ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პელოსის მოგზაურობის გეგმების შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

გავრცელებული სპეკულაციების პასუხად, აპირებს თუ არა პელოსი ტაივანში გაჩერებას, პრესსპიკერის ოფისმა განაცხადა, რომ კონგრესის დელეგაცია, პელოსის ხელმძღვანელობით, ეწვევა სინგაპურს, მალაიზიას, სამხრეთ კორეასა და იაპონიას. განცხადებაში ტაივანი ნახსენები არ იყო.

თუმცა, Reuters-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა, რომ პელოსი ტაივანში ჩავიდოდა და შეხვდებოდა იმ აქტივისტებს, რომლებიც ჩინეთის მხრიდან უფლებების დარღვევაზე ღიად საუბრობენ.

დღეს ჩინეთმა, პელოსის აზიაში ვიზიტის დაწყების პარალელურად, მეორე გაფრთხილება გაავრცელა - განაცხადა, რომ მისი სამხედროები "გულხელდაკრეფილები არ ისხდებიან", თუ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანს ეწვევა.

მანამდე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჭაო ლიძიანმაც ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი კომენტარი გაავრცელა.

ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებული პირების ცნობით, ნენსი პელოსი შესაძლოა ტაივანსაც ეწვიოს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა საკუთარ მოგზაურობის გეგმებზე საუბრისგან თავი შეიკავა და მიზეზად უსაფრთხოების საკითხები დაასახელა, თუმცა მან თქვა, რომ "ტაივანისთვის მხარდაჭერის ჩვენება მნიშვნელოვანია".

როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასულ კვირაში ჟურნალისტებთან თქვა, აშშ-ს სამხედრო წრეში ფიქრობენ, რომ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი "ამჟამად კარგი იდეა არაა". მომდევნო დღეებში ბაიდენსა და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს შორის შესაძლოა საუბარი გაიმართოს.

Financial Times-ი საქმის კურსში მყოფ 6 ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ჩინეთმა აშშ პელოსის ვიზიტთან დაკავშირებით ჩვეულებრივზე უფრო მკაცრად გააფრთხილა. აქამდე ჩინეთმა შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით უკმაყოფილება საჯაროდაც გამოხატა და "მძიმე ზომებითაც" იმუქრებოდა, თუმცა, ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ეს უფრო მსუბუქი ფორმა იყო. რამდენიმე წყარო ამბობდა, რომ არასაჯარო რიტორიკა შესაძლო სამხედრო პასუხამდეც კი მიდიოდა.

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

ჩინეთი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. "ერთი ჩინეთის" პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.

კომენტარები