უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალებს უკრაინის აღმოსავლეთიდან სამხრეთით ჯარების გადაყვანა ვერ დაეხმარებათ.
"ახლა რუსეთის არმია ჩვენი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ოკუპირებულ ოლქებში ცდილობს გააძლიეროს თავისი პოზიციები, გაზარდოს აქტივობა შესაბამის მიმართულებაზე. რუსული ძალების ნაწილი აღმოსავლეთში მდებარე პოზიციებიდან სამხრეთით გადადის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რაიონებში, მაგრამ ეს მათ იქ ვერ დაეხმარებათ". - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "არც ერთი რუსული დარტყმა არ რჩება უპასუხოდ ჩვენი ჯარის და დაზვერვის ოფიცრების მხრიდან".
19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.
როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





