ტრაგედია გუდაურში

ლიტვის საელჩო: ვუერთდებით საქართველოს გლოვის ამ მძიმე დღეს, ვიზიარებთ ოჯახების დანაკარგს

პირველი არხი

საქართველოში ლიტვის საელჩო გუადურში ვერტმფრენის ჩამოვარდნასა და 8 ადამიანის დაღუპვას ეხმაურება. საელჩო მედიკოსების, მაშველებისა და პილოტების ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.  

"გვინდა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მწუხარება გუშინ, გუდაურში სამაშველო სამსახურის თანამრომლებისა და სასწრაფო დახმარების მუშაკების ტრაგიკულ სიკვდილთან დაკავშირებით სამსახურეობრივი მოვალეობების ღირსეულად შესრულებისას.

ვიზიარებთ მათი ოჯახის წევრებისა და მეგობრების განუზომელ დანაკარგს და ვუერთდებით სრულიად საქართველოს, გლოვის ამ მძიმე დღეს". - წერია განცხადებაში. 

29 ივლისს გუდაურში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შედეგად, დაიღუპა ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი. სამაშველო ვერტმფრენით მედიკოსები და მაშველები მიდიოდნენ მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებიც პარაპლანით კლდეს შეეჯახნენ და დაშავდნენ. მოგვიანებით, ერთ-ერთი მათგანი, უცხოელი ტურისტი გარდაიცვალა. 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღეა. 

შსს-ს ინფორმაციით, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები