აშშ-რუსეთი

ბლინკენი ლავროვს ამერიკელი პატიმრების გათავისუფლებაზე ესაუბრა

AP Photo / Alex Brandon

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ პირველად ესაუბრა. ბლინკენის თქმით, მათ რუსეთში დაკავებული ამერიკელების, ბრიტნი გრიანერისა და პოლ უელანის გათავისუფლების საკითხი განიხილეს.

"ჩვენ გვქონდა გულწრფელი და პირდაპირი საუბარი. მე ზეწოლა მოვახდინე კრემლზე, მიეღო ის მნიშვნელოვანი წინადადება, რომელიც ჩვენ წამოვაყენეთ". - თქვა ბლინკენმა Agence France Presse-თან ინტერვიუს დროს.

CNN-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, რუსეთი ამერიკელი პატიმრების, პოლ უელანისა და ბრიტნი გრაინერის სანაცვლოდ რუსი იარაღით მოვაჭრის, ვიქტორ ბუტის გარდა, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკლვლელის, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ყოფილი თანამშრომლის, ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებას ითხოვს.

პოლ უელანი რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით 2018 წელს დააკავეს.

თებერვალში გრაინერი შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს.სპორტსმენის ბარგში ელექტრონული სიგარეტის ჰაშიშის ზეთის კარტრიჯები აღმოაჩინეს. ნივთიერება აკრძალულია რუსეთში, თუმცა ლეგალურია აშშ-ის ზოგიერთ შტატში. კალათბურთელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკების კონტრაბანდის მუხლით აღიძრა, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გრაინერმა სასამართლოში განმარტა, რომ გამოფრენამდე ბარგი სიჩქარეში ჩაალაგა და კარტრიჯების რუსეთში ჩამოტანა განზრახ არ უცდია.

5 ივლისს გრაინერმა ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მიწერა წერილი და სთხოვა "ყველაფერი გააკეთოს" მისი გათავისუფლებისთვის. 

ბრიტნი გრაინერი ქალთა კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოქმედი ვარსკვლავია. არის NBA-ს გამარჯვებული, ორი ოლიმპიური ოქროს მფლობელი, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ქალთა All Star-ის რვა გზის მონაწილე. 2013 წლიდან თამაშობს ფინიქს მერკურიში, 2015 წლიდან პარალელურად, NBA-ს სეზონის დასრულების შემდეგ ასევე თამაშობს რუსულ კლუბში УГМК.

კომენტარები