რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევი დაბომბეს – 5 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ნიკოლაევის ოლქი დაბომბეს. რუსებმა იერიში ავტობუსის გაჩერებასთან ახლოს მიიტანეს, რამაც 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 7 პირი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია ნიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა გაავრცელა.

"მაშველებმა სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილზე 12 ადამიანი იპოვეს. სამწუხაროდ, 5 მათგანი დაღუპული იყო". - ამბობს კიმი.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები