ივანიშვილის დეპუტატები

გურამ მაჭარაშვილი ოცნებას ტოვებს და ივანიშვილის დეპუტატებს უერთდება

გურამ მაჭარაშვილი
mkhare.ge

ივანიშვილის დეპუტატებს - მიხეილ ყაველაშვილს, დიმიტრი ხუნდაძესა და სოზარ სუბარს ქართული ოცნების კიდევ ერთი წევრი, გურამ მაჭარაშვილი უერთდება. მაჭარაშვილი ქართულ ოცნებას ტოვებს.

"როგორც ჩემმა კოლეგებმა, ასევე მეც, მივიჩნიე საჭიროდ, განსაკუთრებით მას შემდგომ, რაც გამოქვეყნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის წერილი და იყო ადეკვატური რეაქცია საზოგადოების მხრიდან. როგორც ჩანს, ამართლებს ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის სწორი, ობიექტური, საჭირო ინფორმაციის მიწოდება. გამომდინარე აქედან და არა სხვა მიზეზის გამო, იმიტომ რომ, ქართულ ოცნებასთან მე მაკავშირებს დაფუძნებიდან წევრობა და არანაირი პრინციპული შეუთავსებლობა არ არსებობს. ვსაუბრობთ იმაზე, რომ უხერხულობაში არ ჩავარდეს [ოცნება], იმიტომ, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა არსებობს და ხელისუფლებაში მყოფი პარტიაა, აქედან გამომდინარე, როდესაც მე ვაკეთებ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი აგნცადებას, ბუნებრივია, ამას სხვა წონა აქვს, ვიდრე, ვთქვათ, [როცა განცხადებას აკეთებს] ის ადამიანი, რომელიც არის დამოუკიდებელი". - თქვა მან ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.  

სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია და საპარლამენტო თანამდებობა 28 ივნისს დატოვეს. ისინი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებად დარჩებიან. ივანიშვილის დეპუტატები პარტიის დატოვების მიზეზებზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ მათი მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, "რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს". თუმცა, მათივე განმარტებით, "საზოგადოების სიმართლით აღჭურვისთვის" გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი ქართულ ოცნებას უხერხულობას შეუქმნიდა, ამიტომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.   

კომენტარები