რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ამერიკელი სენატორები ჩინეთში რუსული ნავთობის ექსპორტის სანქცირებას ითხოვენ

სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი

ამერიკელი სენატორის, მარკო რუბიოს თქმით, შეერთებულმა შტატებმა ჩინეთში რუსული ნავთობისა და სხვა ენერგორესურსების სანქცირება უნდა დაიწყოს, რათა კრემლის მხრიდან უკრაინაში ომის დაფინანსება შეწყდეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაჯარიმდება ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც დააზღვევს ან დაარეგისტრირებს ტანკერებს, რომლებიც რუსეთიდან ჩინეთში ნავთობს ან LNG-ს ატარებენ.

“ნებისმიერი ორგანიზაცია, მათ შორის ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები, რომლებიც მათ ამ ძალისხმევაში ეხმარებიან, მძიმე შედეგების წინაშე უნდა აღმოჩნდეს". - თქვა სენატორმა.

ომის მიუხედავად, რუსეთისა და ჩინეთის კავშირის გაძლიერებას ამერიკის შეერთებული შტატები გამოეხმაურა. "ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს, მაგრამ მისი ქმედებები ცხადყოფს, რომ რუსეთთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას ცდილობს. ჩინეთმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა". - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. 

კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი დასავლეთის სანქციების პოლიტიკის გამო ენერგეტიკის, ფინანსებისა და მრეწველობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები