ქართული ოცნება

მდინარაძე ჟურნალისტს: გამიკვირდა, ირაკლიმ ათჯერ უარესი რომ არ გითხრათ, ფსკერს ქვემოთ ხართ

საქართველოს მთავრობა

"აგერ ვიდექი, გისმენდით და ათჯერ უარესი რომ არ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა, თქვენ იმდენად უმძიმესი, უბინძურესი შეურაცხყოფა მიაყენეთ" - ასე შეაფასა ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ის შეურაცხმყოფელი ეპითეტები, რომლითაც ირაკლი კობახიძემ მთავარი არხის ჟურნალისტს მიმართა.

"თქვენ რომ ვიღაცამ გიწოდოთ ღორი, მერე სხვა ჟურნალისტი მოვიდეს და გკითხოთ - თქვენ ღორი ხართ? ასეთ კითხვებს სვამთ. ეს ლეგიტიმური კითხვაა?... მეც მიმძიმს თქვენი ამ მძიმე პროვოკაციების მოთმენა, მაგრამ ვითმენ შეძლებისდაგვარად და ირაკლიმაც მოითმინა შეძლებისდაგვარად... თქვენ ბრძანდებით, ჩემი აზრით, კრემლის სასარგებლო იდიოტები, თქვენ ხართ ფსკერს ქვემოთ, ჟურნალისტები აღარ ხართ" - უთხრა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავარი არხის ჟურნალისტის დასმულმა კითხვამ გააღიზიანა და უთხრა, რომ მან "ქალის სახე" დაკარგა. ნატაშკა ჯახუტაშვილმა მმართველი გუნდის ლიდერს კითხვა ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარის, დავით არახამიას იმ განცხადებებზე დაუსვა, რომელიც ირაკლი კობახიძესა და მამამისს ეხებოდა. პასუხზე უარის შემდეგ კი, ასევე დავით არახამიაზე დაყრდნობით ჰკითხა - "კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ ბატონო ირაკლი"?, რაზეც ქართული ოცნების ლიდერმა უპასუხა - "კაგებეშნიკი მამათქვენია". 

"არახამია არის არაკაცი, მამათქვენი არის კაგებეშნიკი, ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. სახე დაკარგე, არ გრცხვენია?" - მიმართა ქართული ოცნების ლიდერმა მედიის წარმომადგენელს. 

ჟურნალისტის რეპლიკაზე, მას რატომ უნდა რცხვენოდეს, როცა ამაზე დავით არახამია საუბრობს და მასზე დაყრდნობით უსვამს კითხვას, ირაკლი კობახიძე პასუხობს - "შენ ხარ დავით არახამია. შენც ხარ დავით არახამია, შენც ხარ დავით არახამია, სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა გიღირს ამად?".

"ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე მართლა ყველაფრით შენს ბელადს. პირი მოიწმინდე, სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც, შენს ბელადს დაემგავსე ყველაფრით, სირცხვილია, სახე დაკარგე ნაცმოძრაობის გულისთვის, სამარცხვინო. შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი, ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე" - მიმართა ქართული ოცნების ლიდერმა ჟურნალისტს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის ეს რეაქცია დავით არახამიას განცხადების იმ ნაწილს მოჰყვა, რომელშიც ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე ამბობდა, რომ ირაკლი კობახიძე КГБ-ს აგენტის შვილია. 

"ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი. ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. КГБ-ს აგენტის შვილი. КГБ-ს აგენტის, რომელიც არც მალავს, რომ გადაბირებული იყო და ამ აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. ეს არის პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობა", - თქვა არახამიამ.

კომენტარები