ქართული ოცნება

კობახიძე ჟურნალისტს: კაგებეშნიკი მამათქვენია, არახამია არაკაცია, არც შენ ხარ ქალი

"არახამია არ არის კაცი და მის განცხადებებზე კომენტარს არ ვაპირებ" - ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ფრაქცია ხალხის მსახურის ლიდერის, დავით არახამიას იმ განცხადებებზე თქვა, რომელიც ირაკლი კობახიძესა და მამამისს ეხებოდა. ამის შემდეგ მთავარი არხის ჟურნალისტმა მმართველი გუნდის ლიდერს დავით არახამიაზე დაყრდნობით ჰკითხა - "კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ ბატონო ირაკლი"?, რაზეც ქართული ოცნების ლიდერმა ნატაშკა ჯახუტაშვილს უპასუხა - "კაგებეშნიკი მამათქვენია". ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს უთხრა, რომ მან "ქალის სახე" დაკარგა.

"არახამია არის არაკაცი, მამათქვენი არის კაგებეშნიკი, ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. სახე დაკარგე, არ გრცხვენია?" - მიმართა ქართული ოცნების ლიდერმა მედიის წარმომადგენელს. 

ჟურნალისტის რეპლიკაზე, მას რატომ უნდა რცხვენოდეს, როცა ამაზე დავით არახამია საუბრობს და მასზე დაყრდნობით უსვამს კითხვას, ირაკლი კობახიძე პასუხობს - "შენ ხარ დავით არახამია. შენც ხარ დავით არახამია, შენც ხარ დავით არახამია, სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა გიღირს ამად?".

"ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე მართლა ყველაფრით შენს ბელადს. პირი მოიწმინდე, სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც, შენს ბელადს დაემგავსე ყველაფრით, სირცხვილია, სახე დაკარგე ნაცმოძრაობის გულისთვის, სამარცხვინო. შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი, ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე" - მიმართა ქართული ოცნების ლიდერმა ჟურნალისტს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის ეს რეაქცია დავით არახამიას განცხადების იმ ნაწილს მოჰყვა, რომელშიც ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე ამბობდა, რომ ირაკლი კობახიძე КГБ-ს აგენტის შვილია. 

"ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი. ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. КГБ-ს აგენტის შვილი. КГБ-ს აგენტის, რომელიც არც მალავს, რომ გადაბირებული იყო და ამ აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. ეს არის პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობა", - თქვა არახამიამ.

კომენტარები