ბრაზილია

რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ ფაველაში საპოლიციო რეიდებს, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა

EPA

რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ ფაველაში ჩატარებულ საპოლიციო რეიდებს, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ერთი სამართალდამცველია, ერთი კი შემთხვევითი გამვლელი.

სპეცოპერაციაში 400 მძიმედ შეიარაღებული სამხედრო პოლიციელი, 10 ჯავშანმანქანა და 4 ვერტმფრენი მონაწილეობდა. ოპერაცია მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა და ათასობით ადამიანს საკუთარ სახლებში ჩაკეტვა მოუწია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რეიდის მიზანი იმ კრიმინალების დაკავება იყო, რომლებიც დაპირისპირებულ ფაველებზე თავდასხმას გეგმავდნენ. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ეჭვმიტანილი პოლიციის უნიფორმაში იყო გამოწყობილი, რის გამოც სამართალდამცველებს მათი ამოცნობა უჭირდათ.

თვითმხილველების თქმით, ფაველის მოსახლეობა დაშავებულებს თავადვე ეხმარებოდა, პოლიცია კი მათ უბრალოდ თვალს ადევნებდა. ადგილობრივი უფლებადამცველის, ჟილბერტო სანტიაგო ლოპესის თქმით, პოლიციას დამნაშავეების დაკავების ნაცვლად, მათი მოკვლის სურვილი ჰქონდა.

"პოლიციის მიზანი არ იყო დამნაშავეების დაკავება, მათი მიზანი მოკვლა იყო. თუ ისინი დაშავდებოდნენ, სამართალდამცველები თვლიდნენ, რომ დახმარებას არ იმსახურებდნენ". - უთხრა ლოპესმა Reuters-ს.

კომენტარები