რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის მოტორიზებული ბრიგადა: გავანადგურეთ ვაგნერის ჯგუფის დანაყოფი

ვაგნერის ჯგუფის შევრონი

უკრაინის 58-ე ცალკეული მოტორიზებულ ქვეითთა ბრიგადა ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათი პოზიციების დაკავების მხდელობის დროს გაანადგურეს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დანაყოფი. მოტორიზებულმა ბრიგადამ ინფორმაცია თავდაპირველად საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა.

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს, რომ ვაგნერის ჯგუფი სრულად ლიკვიდირებულია.

წყაროები არ აკონკრეტებენ თუ სად გაანადგურეს ვაგნერის დაქირავებული სამხედროები და რამდენი მათგანი მოკლეს.

უკრაინის 58-ე ცალკეული მოტორიზებულ ქვეითთა ბრიგადის გავრცელებული ფოტო, რომელზეც, მათი თქმით, ვაგნერის მებრძოლების შევრონებია გამოსახული. ერთ-ერთ შევრონზე წერია: "ჩვენი ბიზნესია სიკვდილი და ბიზნესი კარგად მიდის".

რუსული დაქირავებული სამხედრო რაზმებიდან ყველაზე ცნობილია ვაგნერის ჯგუფი, რომელსაც ბრალი ედება ომის დანაშაულების ჩადენასა და ადამიანთა უფლებების დარღვევებში უკრაინაში, სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

დაჯგუფება ვაგნერს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენს ევგენი პრიგოჟინს უკავშირებენ. ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, დაჯგუფებას პრიგოჟინი აფინანსებს. კრემლთან ახლო კავშირების გამო პრიგოჟინს პუტინის მზარეულს ეძახიან. მას ევროკავშირის და აშშ-ს სანქციები უკვე დაწესებული აქვს, ლიბიაში მდგომარეობის დესტაბილიზაციისა და აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის. პრიგოჟინი ვაგნერთან კავშირს უარყოფს.

ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ევროკავშირმა რუსულ დაჯგუფება ვაგნერს და მასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა.

2 წლის წინ უკრაინის დაზვერვა ვაგნერის მებრძოლების მოტყუებასა და დაკავებას გეგმავდა, თუმცა სპეცოპერაცია წარუმატებლად დასრულდა და ბელარუსში ჩაიშალა.

ვაგნერის დაქირავებული მებრძოლების შესახებ გამოცემა New Lines-ში გამოქვეყნებულ სტატიას ქართულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ – რუსეთის ბნელი არმიის დაცემული დაქირავებული მებრძოლები.

კომენტარები