რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გასანადგურებლად და ყირიმის დასაბრუნებლად ემზადება

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ვოლოდიმირ გავრილოვის თქმით, უკრაინა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გასანადგურებლად და ყირიმის დასაბრუნებლად ემზადება. უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ამასთან დაკავშირებით ბრიტანულ გამოცემა The Times-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

გავრილოვი აღნიშნავს, რომ უკრაინელი სამხედროები თავიანთ გემსაწინააღმდეგო სარაკეტო შესაძლებლობებს ავითარებენ და დასავლეთისგან უფრო შორი დისტანციის იარაღს ელიან. 

"ოკუპანტებმა თავიანთ ქმედებებზე პასუხი უნდა აგონ". - ამბობს გავრილოვი. 

გავრილოვმა გაიხსენა, რომ რუსული გემები შავ ზღვაში უკრაინის ინფრასტრუქტურას თავს რეგულარულად ესხმიან. ხოლო, იმის გამო, რომ დიდი ალბათობით, რუსეთი უკრაინის სავაჭრო გემს თავს დაესხმება, ქვეყანას პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი შეზღუდული აქვს.

"ჩვენ მზად ვართ, შევუტიოთ მათ, თუ ამის შესაძლებლობა მოგვეცემა. ადრე თუ გვიან, ჩვენ საკმარისი რესურსი გვექნება ამისთვის.

ყირიმის დაბრუნება შესაძლებელია დიპლომატიური, ან სამხედრო გზით. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთს მოუწევს, რომ ყირიმის ტერიტორია დატოვოს, თუ მას, როგორც სახელმწიფოს, არსებობა სურს". - თქვა გავრილოვმა. 

აქამდე, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ექსპრეზიდენტი დმიტრი მედვედევი უკრაინას ოკუპირებულ ყირიმზე იერიშის შემთხვევაში "განკითხვის დღით" დაემუქრა.

"გარკვეული ეგზალტირებული სისხლიანი მასხრები, რომლებიც პერიოდულად რაღაც განცხადებებით გამოდიან, მეტიც, ცდილობენ დაგვემუქრონ, ვგულისხმობ ყირიმზე თავდასხმას და ა.შ... იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მსგავსი მოხდება, მათთვის ყველასთვის ერთდროულად დადგება განკითხვის დღე – ძალიან ჩქარი და მძიმე. დამალვა ძალიან რთული იქნება". – თქვა მედვედევმა ვოლგოგრადში ვეტერანებთან გამართულ შეხვედრაზე. 

რის შემდეგაც, მედვედევის სიტყვებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა

"თანამედროვე რუსეთის პორტრეტი – ეს დმიტრი მედვედევია, რომელიც ვიღაცებს "განკითხვის დღით" ემუქრება. ისტორიისგან დავიწყებული პატარა ადამიანი, რომელიც ცდილობს თავი უფრო სერიოზულად და დიდად მოაჩვენოს, რეალურად კი მხოლოდ შეცოდების გრძნობას იწვევს. "ცოტაც მაცადეთ და მე თქვენ გაჩვენებთ!" – რას გვაჩვენებთ? მორიგ ბავშვს მოკლავთ?". – წერს პოდოლიაკი. 

კომენტარები