საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე: ივანიშვილს ჩვენი დაცვა არ სჭირდება, იქით შეიძლება დაიცვას ძალიან ბევრი

იმედი

"ივანიშვილს არ სჭირდება არავის დაცვა, იქით შეიძლება დაიცვას ძალიან ბევრი". - ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ასე ეხმაურება ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილს.  

"ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება არავის და მათ შორის არც ჩვენი დაცვა. იქით შეიძლება დაიცვას ძალიან ბევრი. მთავარი საზრუნავი არის არა ის, რომ კონკრეტულ პირს გავუფრთხილდეთ, თუმცა ესეც შეიძლება იყოს ჩვენი საზრუნავი, რადგან ეს კაცი ჩვენი დამფუძნებელია, არამედ ის, რომ როდესაც ოლიგარქიულ მმართველობას გაბრალებენ, ეს არის ზიანის მიყენება ჩვენი სახელმწიფოსთვის.

ამ წერილის შინაარსი შეთანხმებული გვქონდა. პრემიერმა მე და გუნდი ჩაგვაყენა საქმის კურსში, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გვქონდა, შესაბამისად პასუხისმგებლობას ვიღებთ". - ამბობს კობახიძე. 

IPN-ის ცნობითვე, კობახიძე წერილის მიზანს განმარტავს და ამბობს, რომ ოცნებას სურს, ევროკომისიის დოკუმენტი ოპოზიციის მხრიდან "პოლარიზაციისთვის არ იყოს გამოყენებული". 

"წერილის მიზანი არის რა - არსებობს ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია საქართველოში პოლარიზაციის გაღრმავებისთვის იყენებს. ასევე არის ევროკომისიის შეფასების დოკუმენტში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერი, რასაც რადიკალური ოპოზიცია და მისი ლობისტები პოლარიზაციისთვის იყენებენ. ჩვენ გვინდა, რომ ევროკომისიის დოკუმენტი არ იყოს გამოყენებული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციისთვის.

[...] ერთ მარტივ რამეზეა საუბარი - მნიშვნელოვანია ევროკომისია გაემიჯნოს იმ უპასუხისმგებლო დოკუმენტს, რასაც ჰქვია ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც ითხოვენ სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლებას და ივანიშვილის დასჯას. ამისგან გამიჯვნა იქნებოდა პროდუქტიული პოლარიზაციის შემცირებისთვის". - ამბობს კობახიძე.  

ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 18 ივლისს ივანიშვილის მილიონების დასაცავად წერილით ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ მიმართა და ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციის შეფასებისას აღნიშნა, რომ მასში "უამრავი დაუსაბუთებელი ჩანაწერია" და "ფაქტობრივ უზუსტობებზე" დაფუძნებულია. 

კომენტარები