ქართული ოცნება

კობახიძე პრემიერის წერილზე: სახელმწიფოს მმართველობის სისტემის პრესტიჟის დაცვა გვჭირდება

ირაკლი კობახიძე
კადრი ვიდეოდან/ POSTV

"ბიძინა ივანიშვილს არავის დაცა არ სჭირდება, თვითონ შეუძლია თავის დაცვა. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო მმართველობის სისტემის პრესტიჟის დაცვა"- ასე აფასებს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან გაგზავნილ წერილს. 

მისი თქმით, როდესაც არაფორმალურ მმართველობასა და ოლიგარქიულ მმართველობაზეა არის საუბარი, ამით, რა თქმა უნდა, "ზიანს აყენებენ მმართველობის სისტემას, რომელიც საქართველოშია და ეს ღირსების საქმეა, პრემიერის ღირსების საქმეა და თითოეული ჩვენგანის". 

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი წერილია, რათა საჯაროდ დაფიქსირდეს ევროკომიის პოზიცია და სპეკულაციებისთვის ადგილი არ დარჩეს.

"მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი წერილია, რომელიც გაეგზავნა ევროკომისიის ხელმძღვანელს და მთავარი მიზანი არის რა, თქვენ ნახეთ, რომ სპეკულაციებისთვის გამოიყენება, როგორც რეზოლუცია პარლამენტის, ასევე ის ჩანაწერი, რომელიც მოხვდა ევროკომისიის შეფასებაში დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათი ლობისტები ცდილობენ, რომ ეს ჩანაწერი დაუკავშირონ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია სიცხადის შეტანა ევროკომისიის მხრიდან და მნიშვნელოვანია ეს პოზიცია საჯაროდ დაფიქსირდეს, რადგან სპეკულაციებისთვის არ დარჩეს სივრცე. იმისათვის, რომ არ იყოს გამოყენებული ეს ჩანაწერი დამატებითი პოლარიზაციისთვის, ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი და ამისათვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როგორც პრემიერის წერილი, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ქალბატონი ფორ დერ ლაიენერის პასუხი".- ამბობს კობახიძე და აღნიშნავს, რომ რეზოლუციას "ჩალის ფასი აქვს", რადგან მისი თქმით, ის აბსოლუტურად უსამართლოა. 

კითხვაზე, თუ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, მაშინ პრემიერმა რატომ მიმართა ევროკომისიის ხელმძღვანელს, კობახიძე პასუხობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ნათელი მოეფინოს ყველაფერს, და "როგორც რეზოლუცია, ასევე ევროკომისიის შეფასების ჩანაწერი, არ გამოიყენონ სპეკულაციებისთვის ოპონენტებმა და მათმა ლობისტებმა". 

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილს უგზავნის და ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციის "უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერსა" და "ფაქტობრივ უზუსტობებზე" საუბრობს.  მისი თქმით, არაფორმალური მმართველობის შესახებ ბრალდება მისთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. ის წერს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია შვეიცარიულმა ბანკმა პირდაპირ გამოიყენა ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად.

კომენტარები