რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თრასი: რუსეთმა დონეცკში ბრიტანელი მოქალაქის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს

Kuba Stezycki/Reuters

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ თრასის თქმით, რუსეთმა ბრიტანეთის მოქალაქის, პოლ არის გარდაცვალებაზე სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. 45 წლის მამაკაცი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში აპრილში დააკავეს და ომში დაქირავებულ ჯარისკაცად მონაწილეობაში დადეს ბრალი.

"შეძრწუნებული ვარ ბრიტანელი ჰუმანიტარული მუშაკის, პოლ არის გარდაცვალების გამო, ის უკრაინაში რუსი მარიონეტების ტყვეობაში იმყოფებოდა. ამაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს უნდა დაეკისროს.

ის უკრაინაში იყო, რათა დახმარებოდა უკრაინელ ხალხს რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის პირობებში. რუსეთის მთავრობა და მისი მარიონეტები აგრძელებენ სისასტიკეს. დამნაშავეები პასუხს აგებენ". - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.


15 ივლისს, უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქე, პოლ არი გარდაიცვალა. 45 წლის მამაკაცი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში აპრილში დააკავეს და ომში დაქირავებულ ჯარისკაცად მონაწილეობაში დადეს ბრალი.

პოლ არი კიდევ ერთ მამაკაცთან, დილან ჰილისთან ერთად 25 აპრილს დააკავეს, როდესაც ჰუმანიტარული მისიით რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქ ზაპოროჟიეში შესვლას ცდილობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ქალაქში ჩარჩენილი ქალისა და მისი ოჯახის სამშვიდობო ტერიტორიაზე გამოყვანა სურდათ.

ორგანიზაცია Presidium Network-ის განცხადებით, რომელიც დაკავებულის ოჯახს დახმარებას უწევდა, პოლ არის გარდაცვალების ცნობა ოჯახს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

აღსანიშნავია, რომ არის დედა ამბობდა, რომ ის შვილის მდგომარეობაზე განსაკუთრებულად ღელავდა, რადგან მას პირველი ტიპის დიაბეტი ჰქონდა და ინსულინი სჭირდებოდა.

პარალელურად, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა აცხადებს, რომ პოლ არი ტყვეობაში 10 ივლისს ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სტრესის გამო დაიღუპა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მარიონეტი ომბუდსმენი, დარია მოროზოვა კი აღნიშნავს, რომ პოლ არის დიაბეტი ჰქონდა და სუნთქვის, თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აწუხებდა.

კომენტარები