რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანილოვი: რუსეთში ფარული მობილიზაცია დაიწყო

ალექსეი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის ინფორმაციით, რუსეთში ფარული მობილიზაცია ამოქმედდა.

"რუსეთის მკვლელ სამინისტროს [თავდაცვის სამინისტროს] საზარბაზნე ხორცი აკლია. რუსეთში ფარული მობილიზაცია ამოქმედდა, საკონტრაქტო ჯარისკაცებისთვის ფულადი დახმარება კი 4000 დოლარამდე გაიზარდა. იქმნება ე.წ. მოხალისეთა ბატალიონები. რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი უკრაინასთან ომში პატიმრების ბრძოლაში ჩართვა იქნება. შეიძლება დაამარცხოს თავისუფალი ხალხი მონებისა და დამნაშავეების არმიამ?". - წერს დანილოვი Twitter-ზე.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები