რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინა არა მხოლოდ აკმაყოფილებს NATO-ს სტანდარტებს, არამედ ახალ სტანდარტებს აწესებს

"უკრაინა ახლა არა მხოლოდ აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს, არამედ მონაწილეობას იღებს ახალი სტანდარტების შემუშავებაში". – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Facebook მიმართვაში ისაუბრა. 

ზელენსკის თქმით, უკრაინა NATO-ს ტექნოლოგიური თავსებადობის სპეციალური მრავალმხრივი პროგრამის ასოცირებული წევრი გახდა და აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ ომის დროს მიღებული გამოცდილება დაეხმარება ასევე ალიანსის წევრებს განვითარებაში.

"უკრაინა გახდა ნატოს ტექნოლოგიური თავსებადობის სპეციალური მრავალმხრივი პროგრამის ასოცირებული წევრი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, საუბარია ალიანსის სტანდარტებზე. ჩვენი სამხედროების გამოცდილება, უკრაინის ინსტიტუტების შესაძლებლობები, ჩვენი ქვეყნის IT პოტენციალი, ეს ყველაფერი იქნება უკრაინის კონტრიბუცია ევროპაში კოლექტიური უსაფრთხოების განვითარებაში. და როდის ხდება ეს? სრულმასშტაბიანი ომის 139-ე დღეს, რომლითაც რუსეთი გეგმავდა ჩვენს ერთ კვირაში განადგურებას. უკრაინის სახელმწიფო არა მხოლოდ გადარჩა, არა მხოლოდ იცავს საკუთარ თავს, არამედ ასევე ვითარდება და ხელს შეუწყობს პარტნიორების განვითარებას". – თქვა ზელენსკიმ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები