რუსეთი-საქართველო

REUTERS: რუსეთი ფოთის პორტს ბულგარეთისთვის თხევადი გაზის მისაწოდებლად გამოიყენებს

Reuters

რუსეთი საქართველოს პორტს ბულგარეთისთვის თხევადი გაზის მიწოდებისთვის გამოიყენებს - ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. როგორც მედია წერს, LPG-ის (თხევადი გაზი) ექსპორტიორები ფოთის პორტს ივლისიდან გამოიყენებენ, რადგან ტრადიციული საექსპორტო მარშრუტები დახურულია. 

როგორც მედია წერს, რუსეთმა უკრაინის LPG-ით მომარაგება 24 თებერვალს შეწყვიტა, როდესაც ომი დაიწყო. ასევე, რუსეთმა შეაჩერა უკრაინის გავლით LPG-ის სარკინიგზო ტრანზიტი რუმინეთში, უნგრეთსა და მოლდოვაში, რაც ექსპორტიორებს ვალდებულს ხდის, ახალი მარშრუტები მოძებნონ. 

მედია Refinitiv-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ შესყიდვები მკვეთრად შეამცირა ფინეთმაც, მაშინ, როდესაც გასულ წელს რუსეთიდან LPG-ის ექსპორტის 25% უკრაინასა და ფინეთში იყო. 

Refinitiv Eikon-ის მონაცემებით, ივლისში 3 000 ტონა LPG სურგუტიდან ფოთში სარკინიგზო ტრანსპორტით გაიგზავნება, საიდანაც ვარნაში საზღვაო ტრანსპორტით გადაიტანენ.  

როგორც Reuters-ი წერს, ბულგარეთი თვეში, დაახლოებით, 30-35 000 ტონა თხევად გაზს მოიხმარს - ყოველთვიურად, დაახლოებით, 10 000 ტონას აწარმოებს, დანარჩენს კი რუმინეთისგან და რუსეთისგან ყიდულობს. 

კომენტარები