ქართული ოცნება

ჩერგოლეიშვილი: ღარიბაშვილის წერილიდან კარგად ჩანს, როგორია ეს ქვეყანა – ეს არის ოლიგარქია

თამარ ჩერგოლეიშვილი
ტაბულა

ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების [VES] დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი დეოლიგარქიზაციასა და ბიძინა ივანიშვილზე პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ეხმაურება. ჩერგოლეიშვილის შეფასებით, თუ ამოცანა იყო, ღარიბაშვილს ემტკიცებინა, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, "მას ეს პირიქით გამოუვიდა". 

"ეს ძალიან კარგი წერილია. ძალიან კარგია ჩვენი ამოცანებისთვის, ვინმეს კიდევ თუ აინტერესებდა, როგორია ეს ქვეყანა, ამ წერილიდან ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს არის ოლიგარქია. ამას ამტკიცებს ღარიბაშვილი საწინააღმდეგოს მტკიცებაში. თუ ამოცანა ის არის, ღარიბაშვილს ემტკიცებინა, რომ ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, მას ეს პირიქით გამოუვიდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაზე ცხადი წარმოდგენა შეიქმნას დასავლეთში, იმისთვის, რომ მერე თანამშრომლობაც ჩვენი და დასავლეთის, იმ ადამიანების, ვინც ქართული დემოკრატიისთვის ვიბრძვით, უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდეს". - ამბობს ჩერგოლეიშვილი ტელეკომპანია პირველის ეთერში. 

თამარ ჩერგოლეიშვილის სიტყვებით, დასავლეთის მიერ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება დროთა განმავლობაში გარდაუვლად მიაჩნია, თუმცა, მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, როგორ დახვდება საზოგადოება ამ სანქციებს. 

"ამას ახლა დასავლეთში ეცნობიან, ნათელია და ზედაპირზეა, რომ ის ოლიგარქი არის. ღარიბაშვილი და ივანიშვილის ყველა თოჯინა ამას ყოველდღე ამტკიცებს. პრობლემა დღეს ის კი არ არის, რომ ივანიშვილი სათანადოდ ვერ შეფასდება დასავლეთის მიერ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის მთავარი საკითხი, ეს, რეალურად, უკვე მომხდარია. თვითონ ივანიშვილის ქცევა, კელი დეგნანზე თავდასხმები - მეც გამიკრიტიკებია კელი დეგნანი, გამიკრიტიკებაი საელჩოს გვერდზეც, მაგრამ ეს მხილება საბჭოთა ტრადიციებში, თითქოს ის ომში გვითრევს, საოცრებაა. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ივანიშვილი თავს უკვე დასანქცირებულად თვლის. ზუსტად ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, იმიტომ, რომ სხვანაირად ვერ ვხსნი ასეთ ისტერიკას Credit Suisse-ს ამბავზე და ა.შ.

[...] მე გარდაუვალი მიმაჩნია ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირება დროთა განმავლობაში, უბრალოდ, ჩვენზე არ არის დამოკიდებული, შესაბამისად, ამაზე იმედების დამყარება სწორი არ არის, იმიტომ, რომ ეს ჩვენგან დამოუკიდებლად მოხდება. კი, ამაზე მუშაობას აზრი აქვს, მაგრამ მაინც დასავლურ ბიუროკრატიაზეა დამოკიდებული. მეორე, თუ საზოგადოება გატეხილი დახვდა ამ სანქციებს, ბელარუსის მაგალითი არსებობს - დასანქცირებილია ლუკაშენკო, მაგრამ ამით საზოგადოებას არანაირი სიკეთე არ მიუღია. ამიტომ, დასავლეთში თუნდაც ამ დასანქცირების თემის დასაჩქარებლად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა გაიაზროს ერთი რამ - ჩვენ ადგილზე გვჭირდება ხალხის მხარდაჭერა". - ამბობს ჩერგოლეიშვილი. 

ირაკლი ღარიბაშვილი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით დღეს, 12 ივლისს წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ქართული ოცნების დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან მის კავშირზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ ივანიშვილს პარტიის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენა არ აქვს. პრემიერის შეფასებით, "შიდა და გარე ოპონენტების" მიერ დეოლიგარქიზაციაზე საუბარი მისთვის "განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია". 

ღარიბაშვილის შეფასებით, საუბარი იმაზე, რომ პრემიერმინისტრი ფარსის ნაწილია და ის ივანიშვილის მიერ იმართება, მას და სახელმწიფოს შეურაცხყოფს. მისივე სიტყვებით, "კამპანიის ავტორებმა კეთილი ინებონ და განმარტონ", რას გულისხმობენ, როდესაც ოლიგარქსა და დეოლიგარქიზაციაზე ლაპარაკობენ.  

წერილი სრულად - ნახეთ აქ.  

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 პუნქტი უნდა შეასრულოს, რომელიც ევროკომისიამ შეადგინა. ევროკომისიამ პირობებს შორის ქვეყნის დეოლიგარქიზების ვალდებულებაც შეიტანა. გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებამდე, ქვეყანამ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ სფეროებში გავლენებისგან გათავისუფლება უნდა შეძლოს. 

"ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ სფეროებში გადაჭარბებული გავლენების აღმოფხვრის გზით "დეოლიგარქიზების" ვალდებულების შესრულება". - ნათქვამია შეფასებით ანგარიშში.  

კომენტარები