საქართველო-აშშ

ყაველაშვილი დეგნანზე: შესაძლოა, ბოლომდე რომ წაეკითხა წერილი, ცრუ ბრალდება არც წამოეყენებინა

"გაუგებარია, რა შეთქმულების თეორიებზე და ტყუილებზე ლაპარაკობს ქ-ნი ელჩი. შესაძლოა, ბოლომდე რომ წაეკითხა წერილი, ასეთი ცრუ ბრალდება არც წამოაყენებინა" – ასე გამოეხმაურა ივანიშვილის დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი თავის წერილზე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის პასუხს, რომელმაც თქვა რომ განცხადება "სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით".

"ყურადღებით გავეცანი ქ-ნი ელჩის პასუხს და გამოგიტყდებით, რომ გაოცებული დავრჩი იმ დაუფარავი გაღიზიანებით (დიპლომატს უთუოდ მეტი თავშეკავება მართებს), რომელიც მასში ჩემს მიერ, საქართველოს დეპუტატის მიერ დასმულმა ლეგიტიმურმა კითხვებმა გამოიწვია, კითხვებმა, რომელიც არ არის მარტო ჩემი კითხვები, არამედ ჩემი ამომრჩევლის, ხაზს ვუსვამ, ქართველი ამომრჩევლის კითხვებიცაა.

ასევე გაუგებარია, რა შეთქმულების თეორიებზე და ტყუილებზე ლაპარაკობს ქ-ნი ელჩი. შესაძლოა, ბოლომდე რომ წაეკითხა წერილი, ასეთი ცრუ ბრალდება არც წამოაყენებინა და პირდაპირ გაეცა პასუხი ჩემს მიერ დასმულ მარტივ კითხვაზე: ის ადამიანები, საქართველოში,თუ საქართველოს გარეთ, ვინც ომისკენ მოუწოდებდა და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არიან თუ არა "ფე ეს ბე-ს მზაკვრული ნარატივის" გამავრცელებლები და თუ ასეა, რატომ არ მისცემს მათ შენიშვნებს (მათი დაფინანსების შეწყვეტაზე რომ არაფერი ვთქვათ), რომლებსაც ასე უხვად გასცემს ხოლმე ქ-ნი ელჩი ქართული ოცნების მიმართ.

დასასრულს, რაც შეეხება 22-ორგანიზაციას. გასაოცარია, რომ ქ-ნი ელჩი იმდენად გაურკვეველია ქართული საზოგადოების განწყობებში, რომ დღემდე არ იცის, ნდობის როგორი დაბალი ხარისხით სარგებლობს ეს ორგანიზაციები ქართულ საზოგადოებაში. საქართველოს მოქალაქეები, ვისურვებდით, რომ საქართველოში მოვლენილმა ელჩებმა, უკეთესად გამოიკვლიონ ქართულ საზოგადოებაში არსებული განწყობები, რათა შემდგომში არ წარმოიქმნეს ასეთი ტიპის გაუგებრობები. ეს, ჩემი წარმოდგენით მათი მუშაობის ნაწილი უნდა იყოს". – წერს ყაველაშვილი Facebook-ზე.

8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს მიმართა და მოუწოდა, რომ ამერიკის "იმიჯის დასაცავად" ნაციონალური მოძრაობის "პროვოკაციებსა" და "ტექნიკური მთავრობის მოთხოვნებს" საჯაროდ გაემიჯნოს.

ივანიშვილის დეპუტატებმა – სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ ქართული ოცნება 28 ივნისს დატოვეს. ისინი ამტკიცებენ, რომ საზოგადოებას თანდათანობით მიაწვდიან ინფორმაციას იმ მოვლენების შესახებ, "რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში ვითარდება". დეპუტატების ცნობით, მათი მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, "რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს". თუმცა, მათივე თქმით, "საზოგადოების სიმართლით აღჭურვისთვის" გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი ქართულ ოცნებას უხერხულობას შეუქმნის, ამიტომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.    

კომენტარები