კახეთი

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელიც, სავარაუდოდ ნასვამი, თანასოფლელს დაეჯახა და მიიმალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში დააკავეს 1991 წელს დაბადებული ჯ.ლ. რომელიც თანასოფლელს მანქანით დაეჯახა და მიიმალა. უწყების ცნობით, მოქალაქე იმავე ღამეს გარდაიცვალა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მიმდინარე წლის 27 ივნისს, ღამით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში მსუბუქი ავტომობილით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე თანასოფლელს - 1975 წელს დაბადებულ ა.ჭ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, დაზიანებების შედეგად ა.ჭ. იმავე ღამეს გარდაიცვალა". - წერია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 128-ე და 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაცდელში მიტოვებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

კომენტარები