დიდი ბრიტანეთი

თანამდებობა დიდ ბრიტანეთში კიდევ სამმა მაღალჩინოსანმა დატოვა

ბორის ჯონსონი და უილ ქუინსი 2019 წლის კამპანიაზე

ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების შემდეგ, თანამდებობა კიდევ სამმა ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა დატოვა.

შედარებით მაღალი რანგის თანამდებობებიდან გადადგა ბავშვთა და ოჯახთა მინისტრი, უილ ქუინსი.

რამდენიმე დღის წინ ქუინსი ბორის ჯონსონს ამართლებდა, რომ მან არ იცოდა ბრალდებები პარლამენტის მაღალჩინოსნის, კრის პინჩერის მიერ ორი მამაკაცის სექსუალურად შევიწროების შესახებ. 

გასულ კვირაში კრის პინჩერმა დახურულ კლუბში წვეულებაზე ნასვამ მდგომარეობაში მამაკაცების სექსუალურად შევიწროების ბრალდების შემდეგ, თანამდებობა დატოვა.

გასულ დღეს აღმოჩნდა, რომ ქუინსის მტკიცება, რომ ჯონსონმა პინჩერზე ბრალდებები არ იცოდა, რეალობას არ შეესაბამებოდა. ეს თავად ჯონსონმა აღიარა და თქვა, რომ საჩივარი პინჩერზე ჯერ კიდევ 2019 წელს უთხრეს, თუმცა დაავიწყდა. ჯონსონმა ამ გაუგებრობისთვის ქუინსს ბოდიში მოუხადა. 

"მადლობა გუშინდელი შეხვედრისთვის და გულწრფელი ბოდიშისთვის". – წერია ქუინსის გადადგომის განცხადებაში.

ქუინსამდე გადადგომის გადაწყვეტილება ტრანსპორტის სამინისტროს მაღალჩინოსანმა, ლაურა ტროტმა მიიღო.

ჯერჯერობით, უკანასკნელი, ვინც თანამდებობა დატოვა, არის შედარებით დაბალი რანგის მინისტრი, სკოლების სტანდარტის მინისტრი, რობინ უოლქერი. მის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებას "შეცდომებისა და პატიოსნებასთან გაჩენილი კითხვების ჩრდილი ადგას".

ამ დრომდე თანამდებობა 13-მა მაღალჩინოსანმა დატოვა. აქედან მხოლოდ 2 არის უმაღლესი რანგის მინისტრი, 3 დაბალი რანგის მინისტრი, 5 მინისტრის დამხმარე და 3 სავაჭრო ელჩი.


5 ივლისს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა და ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა თანამდებობი დატოვეს, რადგან მათ პრემიერმინიტრ ბორის ჯონსონთან თანამშრომლობა არ სურთ. გადადგა ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის კიდევ რამდენიმე შედარებით დაბალი რანგის მაღალჩინოსანიც. 

ბორის ჯონსონმა ფინანსთა მინისტრად ნადიმ ზაჰავი დანიშნა, ჯანდაცვის მინისტრად კი სტივ ბარკლაი. თუმცა, The Guardian-ის ცნობით, ვითარება მაინც დაძაბულია, რადგან, სხვადასხვა ინფორმაციით, ნადიმ ზაჰავის სურს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ თრასის თანამდებობის დაკავება, წინააღმდეგ შემთხვევაში გადადგომით იმუქრება.

"...საზოგადოება ხელისუფლებისგან სწორ, კომპეტენტურ და სერიოზულ მოქცევას სამართლიანად ელის ვაცნობიერებ, რომ ეს, შესაძლოა, ჩემი ბოლო სამუშაო იყოს მინისტრის თანამდებობაზე, თუმცა მწამს, რომ ამ სტანდარტებისთვის ბრძოლა ღირს და ამიტომ ვტოვებ თანამდებობას". – წერდა რიში სუნაკი წერილში, რომლითაც მან ბორის ჯონსონს მიმართა.

"მე, ბუნებრივად, ჯგუფური მოთამაშე ვარ, თუმცა ბრიტანელი ხალხი ასევე სამართლიანად ელის მათი ხელისუფლებისგან პატიოსნებას". – წერია საჯიდ ჯავიდის წერილში. 

საჯიდ ჯავიდი წერილში ასევე წერდა, რომ სიტუაცია ბორის ჯონსონის მმართველობის ქვეშ არ შეიცვლება და შესაბამისად, მან მის მიმართ ნდობა დაკარგა. 

ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ბორის ჯონსონი პოლიტიკური კრიზისის პირისპირ დგას. გასულ თვეში ბრიტანეთის პარლამენტმა განიხილა ბორის ჯონსონისადმი უნდობლობის გამოცხადების შესაძლებლობა. ბორის ჯონსონმა პარლამენტში უნდობლობა დაძლია. ჯონსონი შესაძლოა კიდევ ერთხელ აღმოჩნდეს უნდობლობის გამოცხადების შესაძლებლობის პირისპირ.

ბორის ჯონსონის უნდობლობის საკითხის პარლამენტში დაყენება "Partygate"-ის სკანდალს მოჰყვა, რომელიც პრემიერმინისტრისა და მმართველი პარტიის წევრების მიერ კოვიდრეგულაციების დარღვევით მთავრობის რეზიდენციაში 12 წვეულების გამართვას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეს მეტროპოლიტენის პოლიცია იძიებს.

ცნობილია, რომ ბორის ჯონსონი სამ ღონისძიებას დაესწრო. ერთ-ერთ წვეულებაზე ბორის ჯონსონის დასწრების შესახებ ინფორმაცია იანვარში გავრცელდა. პრემიერმინისტრმა მაშინ თქვა, რომ წვეულებაზე 25 წუთი გაატარა და შემდეგ მუშაობა გააგრძელა. ჯონსონის თქმით, მას ეგონა, რომ შეკრება სამუშაო ღონისძიება იყო.

მთავრობის რეზიდენციაში წვეულებები მაშინ ჩატარდა, როცა დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ლოკდაუნი იყო დაწესებული, აკრძალული იყო ხალხმრავალი შეკრებები. ნებადართული იყო მხოლოდ ორი ადამიანის შეხვედრა ღია სივრცეში. სამუშაო შეხვედრები მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარებულიყო.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა 2020 წლის 20 მაისს მთავრობის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებაზე დასწრებისთვის ბოდიში მოიხადა.

კომენტარები