ქართული ოცნება

კობახიძე აქციაზე: ცხადი გახდა, რომ ბაკურიანის გეგმა ჩავარდა და მას აღსრულება არ უწერია

გუშინ [3 ივლისს] განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ ცხადყო ის, რასაც საზოგადოებას თავიდანვე ვპირდებოდით. ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტებს საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოწყობის არავითარი რესურსი არა აქვთ. საზოგადოებამ დაინახა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ევროკავშირის კანდიდატობის თემა მხოლოდ მოგონილი შირმა იყო და სინამდვილეში, ისინი ამ თემის გამოყენებით საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნის მიღწევას – ხელისუფლების გადატრიალებასა და ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ.

გუშინ რადიკალურმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი ანტისახელმწიფოებრივი ბუნება. გარდა ამისა, გუშინ უკვე საბოლოოდ წაიშალა ყოველგვარი ფორმალური ზღვარიც კი ნაციონალურ მოძრაობასა და საქართველოში მოქმედ ყველაზე მდიდარ NGO-ებს შორის. გუშინ ცხადი გახდა, რომ ბაკურიანის გეგმა ჩავარდა და მას აღსრულება არ უწერია. ამ გეგმის განხორციელებას ესაჭიროებოდა ერთი მთავარი რამ – ხალხის მხარდაჭერა. ნაციონალური მოძრაობა, მისი ახალგაზრდული რადიკალური ფრთა, სირცხვილია და ნაციონალური მოძრაობის NGO-სატელიტები კი, ამ მხარდაჭერას ვერასდროს მოიპოვებენ, რადგან მათ მხარეს არ არის სიმართლე.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. 3 ივლისს აქცია – შინ ევროპისკენ – გაიმართა. აქციის ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა.

კომენტარები