შინ ევროპისკენ

"გეგმა ზედაპირულია და არ არის მიმართული შინაარსზე" – შინ ევროპისკენ ოცნების ინიციატივაზე 

ტაბულა

სახალხო მოძრაობა შინ ევროპისკენ ქართული ოცნების ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გეგმას გამოეხმაურა. ორგანიზაციის განმარტებით, მმართველი პარტიის გეგმა ზედაპირულია, არ არის შინაარსზე მიმართული და მხოლოდ პროცესების გაჭიანურებას ემსახურება. 

"ჩვენი შეფასებით, მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი გეგმა ზედაპირულია და არ არის მიმართული შინაარსზე, რომელიც არსებითად გადაწყვეტს ევროკავშირთან დაახლოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებს. შემოთავაზებული გეგმა ორიენტირებულია მხოლოდ სამუშაო ფორმატზე, რაც პროცესის გაჭიანურებას ემსახურება და არა მოთხოვნების შესრულებას". - ვკითხულობთ სახალხო მოძრაობის შეფასებაში.

შინ ევროპისკენ განცხადების მიხედვით, პროცედურული დაპირების ნაცვლად, მნიშვნელოვანია რეალური პოლიტიკური ნების ჩვენება და შინაარსობრივი გადაწყვეტილებების მიღება. სახალხო მოძრაობის თქმით, მათ უკვე შესთავაზეს მთავრობას გამოსავალი და მათგან პოლიტიკური თანხმობაა საჭირო, რისთვისაც დრო 3 ივლისამდე აქვთ.

"შემოთავაზებული 12 პუნქტიანი რეკომენდაციები არ წარმოადგენს სიახლეს საქართველოსთვის და არასამთავრობო ორგანიზაციები წლების განმავლობაში მიუთითებდნენ იმ პრობლემებზე, რაზეც ევროკავშირის კომისიის რეკომენდაციებშია საუბარი. გარდა კრიტიკისა, სამოქალაქო სექტორი აქტიურად მუშაობდა ამ საკითხების ანალიზსა და პრობლემების გადაწყვეტის გზებზე. სამოქალაქო ორგანიზაციები მზად არიან, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგინონ კონკრეტული გეგმა კანონპროექტებისა და ჩამოყალიბებული ხედვის სახით, რომლის შემუშავებაშიც ჩართულია ფართო საზოგადოებრივი სპექტრი სხვადასხვა გამოცდილებითა და ექსპერტული ცოდნით". - წერია განცხადებაში. 

გუშინ, პირველ ივლისს ქართულ ოცნებაში პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარმოადგინა გეგმა, თუ როგორ აპირებს პარტია ევროკომისიის მიერ დადგენილი პირობების შესრულებას.

3 მარტს საქართველომ, ასევე მოლდოვამაც, ევროკავშირის წევრობის განაცხადი წარადგინა, ხოლო 11 აპრილს თბილისმა მიიღო წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. კითხვარის პირველი ნაწილის შევსების შემდეგ საქართველოს მთავრობამ ბრიუსელში ის 2 მაისს გაგზავნა. 10 მაისს გაიგზავნა მეორე ნაწილი. 17 ივნისს ევროკომისია რეკომენდაციას გაუწია უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ხოლო საქართველოსთვის – არა. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით შეფასებითი ანგარიში გამოაქვეყნდა, სადაც საუბარია იმ პირობებზე, რომელიც ქვეყანამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს

კომენტარები