თავდასხმა ვატო წერეთელზე

წერეთელი: ოხანაშვილმა მე კი არა, მთელ ამერიკის საელჩოს და ამერიკას გაარტყა ხელი

ოხანაშვილმა მოჭრა თავი ჩვენს ქვეყანას და მე კი არ გამარტყა ხელი, მთელ ამერიკის საელჩოს და ამერიკას გაარტყა, ჩემი გადმოსახედიდან. თავი მოჭრა ჩვენს ქვეყანას. ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა მოხდეს, ამერიკის საელჩოს სტუმრობაზე, მიღებაზე გადაწყვიტო, ძმაკაცებთან ერთად იძალადო. ამაზე მეტი სირცხვილი ჩვენს ქვეყანას რა უნდა დაემართოს?! ჩემი აზრით, უნდა გადადგეს, იმიტომ, რომ ის არის ქვეყნის სირცხვილი. 

ამბობს TV პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი. წერეთლის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა. ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა.  აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მათთვის ცნობილია დაპირისპირების შესახებ და ინფორმაციას სწავლობენ. თავად ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი TV პირველის დამფუძნებელს "უბინძურეს პროვოკაციაში" ადანაშაულებს.

კომენტარები