რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ზმეინის კუნძულის გათავისუფლება მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის კუნძული ზმეინის დატოვებას გამოეხმაურა. მან ვიდეომიმართვაში უკრაინის არმიის დანაყოფებს მადლობა გადაუხადა. 

მან აღნიშნა, რომ ზმეინის კუნძული სტრატეგიული პუნქტია და მისი გათავისუფლება მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში.

"ეს ჯერ კიდევ არ იძლევა უსაფრთხოების გარანტიას, არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მტერი არ დაბრუნდება. მაგრამ ეს უკვე საგრძნობლად ზღუდავს ოკუპანტების ქმედებებს. ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ვაიძულებთ მათ ჩვენი ზღვიდან, ჩვენი მიწიდან, ჩვენი ციდან წასვლას".- ამბობს ზელენსკი. 

30 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მათმა შეიარაღებულმა ძალებმა ზმეინიზე დავალებები შეასრულეს და "კეთილი ნების გამოხატვის სახით" კუნძულს ტოვებენ. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ კიევს არ მისცემენ საშუალებას, "დაიწყონ სპეკულაცია მარცვლეულობის გატანის შეუძლებლობაზე".

უკრაინული მხარის ცნობით, გასულ ღამეს კუნძულ ზმეინიზე ინტენსიური იერიშები ხორციელდებოდა, რის შემდეგაც რუსმა ოკუპანტებმა საკუთარი ნაწილები გაიყვანეს.

კომენტარები