ვატო წერეთელი

ოხანაშვილი: ვატო წერეთელმა უბინძურესი პროვოკაცია მომიწყო, ვერცერთი ქართველი ვერ აიტანდა

პარლამენტი

"უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, უბინძურესს, ვატო წერეთლის მხრიდან" - TV პირველის დამფუძნებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ქართული ოცნების დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის სატელეფონო კომენტარს რუსთავი ორი ავრცელებს. ვატო წერეთელი ამბობს, რომ მას თავს მმართველი გუნდის დეპუტატები აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე დაესხნენ, ქართული ოცნების წევრი ანრი ოხანაშვილი კი, TV პირველის დამფუძნებელს "უბინძურეს პროვოკაციაში" ადანაშაულებს.  

"მიღებაზე ყოფნის დროს მოვიდა, ძალიან მთხოვა, ორი სიტყვით რაღაცის თქმა სურდა და უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო, ქართველი კაცისთვის აღუწერელი, ხომ წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი? სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. მინდოდა, მეკითხა, რატომ იკადრა ასეთი რაღაცა, რაზეც, რა თქმა უნდა, გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა. საუბარია უბინძურეს პროვოკაციაზე, რომელსაც ვერცერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა, ეს იყო და ეს. კამერები, წესით, უნდა იყოს ყველგან და იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ასახულია კამერაზე" - ამბობს ოხანაშვილი რუსთავი ორთან სატელეფონო საუბარში.

TV პირველის ცნობით, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ვატო წერეთელს თვითმხილველების თანდასწრებით ხელი დაარტყა. თავად ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა. 

"აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე ქართული ოცნების დეპუტატები დამესხნენ თავს და ფიზიკურად გამისწორდნენ. აშშ-ს საელჩოს ეზოში, სადაც იყო მოწვეული 200 ან 300 სტუმარი. შოკში ვარ. წარმოგიდგენიათ, აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე ეს რომ ხდება, გარეთ რა ხდება?! 

მივმართავ კელი დეგნანს, საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება და კონკრეტულად ჩემ მიმართ. კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ კადრები. მიეცით მედიას კადრები, თუ როგორ უსწორდებიან ქართული ოცნების დეპუტატები ადამიანს. თქვენს ტერიტორიაზე მოხდა კრიმინალი".- ამბობს წერეთელი. 

მისივე თქმით, თავს რამდენიმე დეპუტატი დაესხა და "საქმეებს ურჩევდა". 

"მონა ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოჰყვა ოდიშარია, ზარქუა, მგალობლიშვილი. მომიჭირა ყელზე, დამიწყო გარჩევები. აი, ოხანაშვილი რომ ქუჩურ გარჩევას დაგიწყებს, ხო თავი უნდა მოიკლა?! რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი. სახეში მომხვდა ორივე. ისე უცებ მოხდა, ერთი ხელი, მეორე და მერე ჭიქა მესროლა და ნუ, მინდოდა დამელეწა თავზე, მაგრამ ნუ, წარმოუდგენელია, დავიბენი ".- ამბობს წერეთელი.

კომენტარები