Tbilisi Pride

ლომჯარია შს მინისტრს: უზრუნველყავით TBILISI PRIDE-ის ყველა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებს, უზრუნველყოს პრაიდის კვირეულში დაგეგმილი ყველა ღონისძიების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად ჩატარება, ასევე შესაძლო ძალადობრივი ქმედებების პრევენციისთვის, გაატაროს დროული და ეფექტიანი ღონისძიებები, რათა თბილისი პრაიდის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს არ შეექმნათ არანაირი საფრთხე ძალადობრივი ჯგუფებისგან.

სახალხო დამცველის განცხადებით, აუცილებელია, ხელისუფლებამ გაითვალისწინოს შარშანდელი 5-6 ივლისის მძიმე გამოცდილება და მომდევნო დღეებში სრული ძალისხმევა მიმართოს, რათა დაუყოვნებლივ აღკვეთოს ძალადობრივი ჯგუფების ყველა შესაძლო ქმედება.

"აქვე გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად ღონისძიებების გატარებისთვის კონკრეტული დრო აქვს განსაზღვრული და ამ პერიოდში ადამიანების მიერ თავიანთი უფლებებით შეუფერხებლად სარგებლობა დამატებით მნიშვნელობას იძენს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გასულ წელს, 5 ივლისს ზურაბ მახარაძისა და „ალტ-ინფოს“ სხვა წევრების მიერ ორგანიზებულმა ჯგუფებმა რამდენიმე ლოკაციაზე განახორციელეს ჯგუფური ძალადობა. შედეგად, სხვადასხვა სახისა და ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმა და მედიის წარმომადგენლებმა , ადამიანებს არ მიეცათ შესაძლებლობა ესარგებლათ მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის უფლებით, დაზიანდა სხვადასხვა პირის კუთვნილი ნივთები და ჟურნალისტებს ხელი შეეშალათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. სახალხო დამცველის მიერ მიწოდებული მტკიცებულებების მიუხედავად, საქართველოს პროკურატურას სისხლის სამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების მიმართ არ დაუწყია". - ვკითხულობთ განცხადებაში.

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:

  • შესაძლო ძალადობრივი ქმედებების პრევენციის მიზნით, გაატაროს დროული და ეფექტიანი ღონისძიებები, რათა თბილისი პრაიდის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს არ შეექმნათ არანაირი საფრთხე ძალადობრივი ჯგუფებისგან;
  • უზრუნველყოს პრაიდის კვირეულში დაგეგმილი ყველა ღონისძიების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად ჩატარება. გაწიოს შესაბამისი მუშაობა, თბილისი პრაიდის ოფისის მიმდებარე ტერიტორიის დაცვის მიზნით;
  • თბილისი პრაიდის კვირეულის ჩატარებასთან დაკავშირებით განხორციელებული სავარაუდო მუქარისა და ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების ფაქტზე 2022 წლის 6 ივნისს დაწყებული გამოძიება ჩაატაროს ეფექტიანად;
  • ყველა შესაძლო კანონდარღვევაზე დაუყოვნებლივ მოახდინოს ეფექტიანი რეაგირება.

26 ივნისს Tbilisi Pride-მა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა, დაიცვას კვირეულის თითოეული მონაწილის უსაფრთხოება. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში გაიმართება და არ ჩატარდება ღირსების მარში, თუმცა პუტინისტური ჯგუფებისგან მუქარა არ წყდება.

კომენტარები